ჰიკოკომორები - ვინ არიან იაპონელი ახალგაზრდები, რომლებსაც "დაკარგულ თაობას" უწოდებენ?
ჰიკოკომორები - ვინ არიან იაპონელი ახალგაზრდები, რომლებსაც "დაკარგულ თაობას" უწოდებენ?
"ერთ დღეს, როდესაც ტაკეში 15 წლის იყო, მან თავისი ოთახის კარი გაიხურა და 4 წლის განმავლობაში არ გამოსულა. ის არ დადიოდა სკოლაში, არ ჰქონდა სამსახური და არ ჰყავდა მეგობრები. თვეების განმავლობაში თავის ოთახში დღეში 23 საათს ატარებდა. იქ ჭამდა, უყურებდა ტელევიზორს, თამაშობდა და უსმენდა რედიოჰედსა და ნირვანას", - წერს მეგი ჯონსი NYtimes-ში

ტაკეში ერთ-ერთია იმ ასი ათასობით იაპონელ ახალგაზრდას შორის, რომლებსაც ჰიკიკომორი ეწოდებათ. ტერმინი "ჰიკიკომორი" იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულია, როგორც ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც არ დაუტოვებიათ საკუთარი სახლი მინიმუმ 6 თვით და ჩვეულებრივ, წლების განმავლობაში.

...ჰიკიკომორის ფენომენი იაპონიაში პირველად 1990-იან წლებში გამოჩნდა. იმ პერიოდში, ექსპერტების შეფასებით, დაახლოებით 1 მილიონი ახალგაზრდა იყო, რომლებიც მთელ დღეს თავიანთ ოთახში ჩაკეტილები ატარებდნენ - უარს ამბობდნენ მუშაობაზე, სწავლაზე, მეგობრებთან და, ხშირად, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციაზე.

რატომ ხდებიან ადამიანები ჰიკიკომორები?
ჰიკიკომორი ადამიანები ძირითადად მამაკაცები არიან, დაახლოებით 32 წლის, საშუალო ფენიდან.

ეს ფაქტი რამდენიმე მიზეზით აიხსნება. პირველ რიგში, ადამიანების სასოწარკვეთამდე მიყვანა დაკავშირებულია სოციუმისგან მომდინარე წნეხთან. იაპონიაში მკაცრი, სტრუქტურირებული საზოგადოებაა. ადამიანი პატარა ასაკიდვანვე ცდილობს საკუთარი ადგილის დამკვიდრებასა და კარგი რეპუტაციის შექმნას. შესაბამისად, ნებისმიერი ცხოვრებისეული კრახი, იქნება ეს სკოლასა თუ სამსახურში, მძიმედ აღიქმება. განსაკუთრებით ეს ეხებათ მამაკაცებს, რადგან მათგან მეტს მოელიან და, შესაბამისად, უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

საზოგადეობისგან სრულ იზოლაციამდე შეიძლება მივიდეს ახალგაზრდა, ხშირად ჰიკიკომორი ადამიანები 15 წლის ასაკში იკეტებიან, სკოლაში თანატოლების მხრიდან განცდილი ბულინგის გამო. ბევრი ჰიკიკომორი თავისი განმარტოების მიზეზად სწორედ სკოლის წლებს ასახელებს, როდესაც ისინი რაიმე ნიშნით არ აკმაყოფილებდნენ “საზოგადოებრივ ნორმებს”. მათ დასცინოდნენ, რადგან იყვნენ ან ზედმეტად მსუქნები, ან მორცხვები, ან უბრალოდ იმიტომ, რომ სხვებზე უკეთ გამოსდიოდათ სპორტი, მუსიკა და სხვა.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რაც უფრო დიდხანს არის ჰიკიკომორი საზოგადოებისგან მოწყვეტილი, მათი თავდაჯერებულობა და თვითშეფასება მეტად იკლებს. სახლის დატოვება კი გადაულახავ სირთულედ ისახება.

NYtimes-თან ინტერვიუში, ჯეიმს რობერსონი, კულტურული ანთროპოლოგი, ამბობს: "ჰიკიკომორი საპასუხო რეაქციაა ზეწოლაზე. ზოგიერთი მათგანი ამბობს: ‘არ მომწონს და არ გავაკეთებ კარგად’ ".

თუ სხვა საზოგადოებებში ახალგაზრდები გარკვეულ ჩარჩოებში არ ჯდებიან, ისინი შეიძლება სხვადასხვა სუბკულტურის წევრი გახდნენ. იაპონიაში ეს ერთგვარი ამბოხი ჩუმ ფორმებში გამოიხატება, როგორიცაა ჰიკიკომორი.

მეორე მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება ოჯახური ურთიერთობები. ახალგაზრდა ქალები ტრადიციულად გათხოვებამდე მშობლებთან ცხოვრობენ, ხოლო მამაკაცებმა, შეიძლება, არც არასდროს დატოვონ მშობლების სახლი.

საპასუხოდ, მშობლები შვილებისგან მოელიან პატივისცემასა და მათი საზოგადოებრივი როლის სრულყოფილად შესრულებას, რისი ერთ-ერთი კომპონენტიც სამსახურის დაწყებაა. აქაც სხვადასხვა სახის პრობლემა იჩენს თავს - მშობლები ხშირად თვითონ კარნახობენ შვილებს თუ რომელი პროფესია უნდა აირჩიონ, მიუხედავად იმისა, არის ეს მათი სურვილი თუ არა. როდესაც, შვილი განსხვავებულ გზას ირჩევს და არ სწავლობს ელიტარულ უნივერსიტეტში ან საუკეთესო კორპორაციაში, ბევრი მშობელი უყურებს ამას, როგორც წარუმატებლობას.

BBC-სთან ინტერვიუში მაცუ, ერთ-ერთი ჰიკიკომორი, თავის ისტორიას ყვება: "მე ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ჩემმა მშობლემა მიბიძგეს იმ
მიმართულებით, რომელიც არ მინდოდა. მამაჩემი არტისტია და თავისი ბიზნესი აქვს, უნდოდა, რომ მეც იგივე მეკეთებინა". მაცუ პროგრამისტობაზე ოცნებობდა, ის ჰიკიკომორი მშობლებთან კამათის შემდეგ გახდა.

შეუძლიათ თუ არა მათ საზოგადოებაში დაბრუნება?
მართალია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ჩვეულ ნორმას დაუბრუნდნენ, მაგრამ მათი რიცხვი ჯერ კიდევ ცოტაა. დროთა განმავლობაში მეტი ფსიქოლოგი იწყებს ამ მიმართულებით მუშაობას, იხსნება ახალი ცენტრები, რომლებიც კონკრეტულად ჰიკიკომორი ადამიანების პრობლემებს სწავლობენ. ჰიკიკომორ ადამიანებთან ურთიერთობა ინტერნეტის საშუალებით ან წერილებით ხდება. საშუალოდ, ჰიკიკომორის ოთახიდან გამოყვანას რამდენიმე წელი ჭირდება.

ფოტოგრაფმა მაიკა ელანმა ჰიკიკომორი ადამიანების ცხოვრება ფირზე აღბეჭდა.






ჩუჯო, 24 წლის, ჰიკიკომორი უკვე 2 წელია. მისი ოცნებაა, რომ ოპერის მომღერალი გახდეს, მაგრამ ის უფროსი ვაჟია და მშობლებს სურთ, ოჯახურ ბიზნესს შეუერთდეს. ის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა ოფისში, მაგრამ იმდენად სტრესული იყო მისთვის ეს გარემო, რომ გამუდმებულ მუცლის ტკივილს განიცდიდა.

როდესაც ელანმა, 34 წლის იკუო ნაკამურა გადაიღო, მას უკვე 7 წელი ჰქონდა ოთახში გატარებული.






"დამხმარე და" წერილს წერს 40 წლის კობაიაში ჰაურუტოს, რომელიც ოთახში 10 წელიაა ჩაკეტილი.





30 წლის რიკი ქუქი. მამა ამერიკელი ჰყავს, დედა იაპონელი. მისი მშობლები ჰავაიზე ცხოვრობენ, მაგრამ მას იაპონიაში მარტო ყოფნა ურჩევნია. ცდილობს ყველაფერი საუკეთესოდ გამოუვიდეს, მაგრამ ეშინია შეცდომების დაშვების.






შუკო უიბორის ოთახი, 43 წლის. ის ბიზნესმენი იყო და თავისი კომპანიაც ჰქონდა სანამ გაკოტრდებოდა. ახლა მთელი დღე ოთახშია ჩაკეტილი, წიგნებს კითხულობს და ხანდახან ღამე გადის მაღაზიაში საჭმლისა და სხვა ნივთების საყიდლად.



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები