"ჩემო მეგობარო, მოვედი, რომ დაგემშვიდობო"
"ჩემო მეგობარო, მოვედი, რომ დაგემშვიდობო"
მე ელენე მქვია. ქალების რუბრიკას ყოველთვის ვკითხულობ, ჰოდა, გადავწყვიტე ერთი პატარა ამბავი მომეთხრო, რომელიც მე მიკავშირდება.

საღამო ხანს სამსახურიდან დაბრუნებულმა სურსათის მაღაზიაში შევიარე და ჩემი პატარა ბიჭისთვის ტკბილეული ვიყიდე. ჯერ კიდევ დილით გამაფრთხილა, შოკოლადების მოტანა არ დაგავიწყდესო. ის იყო, მაღაზიიდან გამოვედი, რომ ტროტუარზე ახალგაზრდა ქალი შევნიშნე, რომელსაც 2 წლის ბიჭუნა კალთაში ეჯდა და მოწყალებას ითხოვდა. რომ მიუახლოვდი, პატარამ გაიღვიძა და ჩემკენ გამოიწია. როგორც ჩანს, გამჭვირვალე პარკში ტკბილეულს მოჰკრა თვალი. რამდენიმე
ცალი კანფეტი მივაწოდე და სიხარულისგან სახე გაებადრა. გოგონამაც მადლიერების ნიშნად გამიღიმა.
...- რა გქვია? - ვკითხე ბიჭუნას.

- დემეტრე, - პასუხი გოგომ გამცა.
- თქვენი შვილია?

თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
დემეტრემ ჩემკენ გამოიწია და მეც ხელში ავიყვანე, ჩემდა გასაოცრად, პატარამ კისერზე ხელი მომხვია და თავი მხარზე ჩამომადო.
გოგონას მარი ერქვა. მივხვდი, პატარა თავს არ დამანებებდა და მარის იქვე სკვერში შესვლა შევთავაზე. დამთანხმდა. სკამზე ჩამოვსხედით. დემეტრე ისე იყო ჩაბღაუჭებული, რომ არც კი მიფიქრია ხელიდან გაშვება. მარისაგან შევიტყვე, რომ დემეტრესთან ერთად იქვე ახლოს, ნანგრევებში ცხოვრობს. არც დენი და არც
გაზი არა აქვს. საღამოობით მაღაზიასთან ტროტუარზე ჯდება და მათხოვრობს, რომ შვილს საჭმელი უყიდოს.

დემეტრეს ვთხოვე, დედიკოსთან მიდი და მეც მალე მოვალ-მეთქი, მაგრამ ისე მოიბუზა, რომ მეტი ვერაფერი ვუთხარი და მასთან ერთად მაღაზიაში შევედი. სანოვაგე ვიყიდე, ისეთი რაღაცები, რასაც გაზქურაზე გამზადება არ სჭირდება და მარისთან დავბრუნდი. ათასი მადლობა გადამიხადა. სახლში მაინც გულდამძიმებული წამოვედი.

მეორე დღეს მარი და დემეტრე აღარ შემხვედრია. მესამე დღეს კი, როცა ისევ იმ მაღაზიასთან ვნახე, ორივეს ხელი მოვკიდე და ჩემს სახლში წამოვიყვანე. მეუღლე და ბავშვი შინ არ იყვნენ. დემეტრე აბაზანაში ჩავსვი და კარგად ვაჭყუმპალავე, მერე ბანაობა მარისაც შევთავაზე. სანამ შხაპს იღებდა, სუფრა გავაწყვე. სააბაზანოდან რომ გამოვიდა, ვივახშმეთ. დემეტრეს ჩაეძინა და იქვე დივანზე დავაწვინე, მე და მარიმ კი საუბარი გავაბით.

თურმე ძმასთან ერთად ბავშვთა სახლში გაიზარდა. დედა არ ახსოვს, მაგრამ იცის, რომ სლავი იყო. სრულწლოვნები რომ გახდნენ, დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებამ მოუწიათ. ძმა ხატებს ყიდდა და ორ ლუკმას ასე შოულობდა. მარი იმავე ბავშვთა სახლში გაზრდილმა ბიჭმა ცოლად ითხოვა, მაგრამ მალევე მიატოვა და გოგონას ბავშვზე ზრუნვა მარტოს მოუწია. ვინაიდან ბინა არ ჰქონდა, ძმასთან ერთად იმ ნანგრევებში დასახლდა. ასე როგორ ცხოვრობ-მეთქი, დავდარდიანდი.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები