„რაც ასაკში შევდივარ სამშობლოში დაბრუნების სურვილი უფრო და უფრო მიძლიერდება“ – გელა ბაბლუანი
„რაც ასაკში შევდივარ სამშობლოში დაბრუნების სურვილი უფრო და უფრო მიძლიერდება“ – გელა ბაბლუანი
„ვიზიტორის“ სტუმარი რეჟისორი გელა ბაბლუანი იყო. საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა საკუთარ შემოქმედებაზე, სამომავლო გეგმებსა და ქართულ კინოზე ისაუბრა.

– როგორც ვიცი, ბევრი საინტერესო სიახლე გაქვს… მოგვიყევი მათ შესახებ.

...– ძირითადი სიახლე ფილმი „ფული“, რომელზე მუშაობაც ცოტა ხნის წინ დავამთავრე. რამდენიმე ქვეყანაში იგეგმება მისი გამოსვლა. ასევე ორი პროექტი მაქვს საფრანგეთში, რომლებზე მუშაობასაც სექტემბრიდან დავიწყებ.

– ფილმმა „ფული“, რომლის პრემიერაც ბევრ ქვეყანაში შედგა, საქართველოში არც ისე დიდი აჟიოტაჟით მიიღეს. როგორ გგონია, რა არის ამისი მიზეზი?

– არ ვიცი, მაგრამ მინდოდა, რომ ის ჯერ ჩემს ქვეყანაში გამოსულიყო და ამიტომ ვეცადე, რომ წლის ბოლომდე პრემიერა გამართულიყო და ასეც მოხდა – დეკემბერში უკვე საქართველოს დიდ ეკრანებზე იყო.

– რომელ ჟანრს განეკუთვნება იგი?

– ეს არის ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც ადამიანებს დიდი არჩევანის წინაშე აყენებს და გვიჩვენებს თუ რა როლი აქვს მატერიალურ მხარეს სერიოზული საკითხების გადაწყვეტის დროს. ორი სოციალური ფენაა ერთმანეთს დაკავშირებული.

– საფრანგეთში რამდენად რთულია მუშაობა არაფრანგისთვის?

– პატარა ვიყავი, როდესაც საფრანგეთში წავედი და ადგილობრივებისთვის მე ქართველ-ფრანგ რეჟისორად მოვიაზრები. რაღაც პერიოდი ფრანგი რეჟისორი ვიყავი უბრალოდ ქართველი წარმოშობის. „სანდენსის“ ფესტივალის მოგების შემდეგ საერთოდ ფრანგი გავხდი. ასე ვთქვათ, ქართველობას იქ ყოველთვის მე ვაწვებოდი, მაგრამ რომ გითხრათ ის სირთულე მქონდა, რომ სხვა ქვეყნიდან ვიყავი და რამე გამჭირვებოდა, არ მახსენდება. საკმაოდ ცივილიზებული ქვეყანაა, რომელიც ხელს ყველაფერში გიწყობს.

– მამა თუ გაძლევს შენიშვნებს?

– რა თქმა უნდა, უნდა მომცეს კიდეც, მამასაც ხომ გააჩნია. თუ არ მაძლევს, მე ვთხოვ შენიშვნებს, თუმცა მას მარტივად ვერ მოხიბლავ.

– რამდენად მკაცრი ხარ გადასაღებ მოედანზე?

– მომთხოვნი უფრო ვარ, ვიდრე მკაცრი.

– საქართველოში თუ აპირებ ფილმის გადაღებას?

– ძალიან დიდი სურვილი მაქვს და იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან ამ ჩანაფიქრს სისრულეში მოვიყვან.

– რა ეტაპზეა დღეს ქართული კინო და რა პერსპექტივა აქვს მას სამომავლო წარმატებისთვის?

– მე ვფიქრობ, რომ იმდენად საინტერესო თაობა მოდის, განსაკუთრებით 90-იანი კრიზისის შემდეგ, რომ ეს პაუზა სავარაუდოდ დაირღვა. არ აქვს მნიშვნელობა „ოსკარზე“ წარვადგენთ ფილმს და ვერ მოვიგებთ თუ სხვა პრემიაზე, მთვარია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გავიდეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

– ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი რუსი საზოგადო მოღვაწე აღნიშნავდა, რომ ქართული კინო ადრინდელთან შედარებით აღარაფერს წარმოადგენს… ამაზე რა აზრის ხართ?

– ერთს ვიტყვი, ის, რაც ჩვენ გადავიარეთ და რაც დღეს საქართველოში ხდება, ნებისმიერ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანას შეშურდება. მოკლედ რომ ვთქვა, ყველამ უნდა მიხედოს თავის თავს!

– როგორია გელა ოჯახში? თავისუფალი დრო თუ გაქვს?

– ამ თავისუფლებისთვის მუდმივად ვიბრძვი (იცინის). ჩემი შვილი და ოჯახის წევრები ჩემთვის უმთავრესები არიან.

– რამდენი წლის არის?

– 6-ის. ამერიკაში ცხოვრობს და როგორც კი ვახერხებ მის სანახავდ მივდივარ. ლაპარაკობს ქართულად, ახლა კითხვაც ვასწავლე. ამჟამად ერთად ვართ ჩამოსულები საქართველოში. მუდმივად მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო მასთან.

– სამსახიობო ნიჭი თუ აქვს?

– არ ვიცი, ამ ეტაპზე იმით ვხარობ, რომ ქართული
იცის, რადგან ნიუ-იორკში ცხოვრობს დედასთან ერთად, რომელიც ამერიკელია.

– რომელ ცნობილ მსახიობთან ისურვებდი მუშაობას?

– ასე კონკრეტული ამოჩემება არ მყავს.

– რა მოგწონს და რა არ მოგწონს ქართულ ტრადიციებში?

– ერთგულება, თავდადება, ერთმანეთის გატანა მომწონს. როდესაც ეს ყველაფერი ირღვევა, აღარ მომწონს. მატერიალურმა მხარემ დღეს ბევრი რამე დატბორა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ არსებობს.

– ტრადიციული სადღეგრძელოები და ქართული სუფრა თუ გაქვთ ხოლმე საფრანგეთში?

– მთელი ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა იყო ქართული სუფრა და ყველა დეტალი კარგად ვიცი. ამჟამად არ ვსვამ და შესაბამისად, სადღეგრძელოებისგანაც შორს ვარ, მაგრამ არ ვეთანხემბი იმ აზრს, რომ ქართული სუფრა არის ლოთობა. ასე არ უნდა მივუდგეთ. ქართული სუფრა გარკვეული ხელოვნებაა.

– სამზარეულოსთან როგორ ხარ?

– რადგან ხშირად ვარ ბავშვთან ერთად მარტო, რაც საჭიროა, ყველაფერს ვაკეთებ.

– სვანური კუბდარის მომზადება თუ შეგიძლია?

– უფრო ჭამა მიყვარს (იცინის).

– რა გაღიზიანებს ადამიანში ყველაზე მეტად?

– უნამუსო ადამიანები მაღიზიანებენ ყველაზე მეტად.

– რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს?

– ჩემი სახლი და ოჯახი.

– საქართველოში თუ აპირებთ ჩამოსვლას?

– ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე. რაც ასაკში შევდივარ სამშობლოში დაბრუნების სურვილი უფრო და უფრო მიძლიერდება. ღმერთმა ქნას, ისე აეწყოს საქმე, რომ დავბრუნდეთ მთელი ოჯახი და ჩემი რესურსი საქართველოს მოვახმარო.

– მამის წიგნზე „მზე, მთვარე და პურის ყანა“ რას გვეტყვი?

– ეს არის სრულიად გენიალური წიგნი. ხომ არსებობს გამოთქმა, „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“? ჩვენს შემთხვევაში კი მამა ისეთია, რომ ვერ აჯობებ. ის საუკეთესოა!

– ჰოლივუდში მოღვაწეობის სურვილი თუ გქონია?

– ადრე ცოტა სკეპტიკურად ვიყავი ჰოლივუდის მიმართ განწყობილი, ახლა სხვანაირად ვუყურებ. მაქვს რამდენიმე შემოთავაზება და ვნახოთ, რა იქნება.

– წარმატებებს გისურვებთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები