ჩამოსულების 7 უპირატესობა თბილისელებთან მიმართებით, ანუ რატომ არის ჩამოსულობა საამაყო!
ჩამოსულების 7 უპირატესობა თბილისელებთან მიმართებით, ანუ რატომ არის ჩამოსულობა საამაყო!
გარკვეული პერიოდის წინ, დავდე ბლოგ პოსტი, რომელიც შეეხებოდა ჩამოსულების დისკრიმინაციას თბილისის მაცხოვრებლების მხრიდან, უფრო სწორად, მათი გარკვეული, შეუმდგარი სეგმენტის მხრიდან, სადაც ე.წ. ჩამოსულების ერთგვარი დაცვაც გამომივიდა.

ამ შემთხვევაში, შევეხებით იმას, თუ რატომ უნდა იამაყოთ იმით, რომ ოდესღაც სხვა ქალაქიდან/სოფლიდან ჩამოხვედით, ანუ რა უპირატესობა აქვთ ჩამოსულებს, თბილისში დაბადებულ და გაზრდილ ხალხთან მიმართებით:

...1. თქვენთვის ცხოვრება მინიმუმ ორჯერ იწყება, თბილისელი როცა აბარებს უნივერსიტეტში, ის უბრალოდ ლოკაციას იცვლის, დადიოდა სკოლაში დავუშვათ – ფალიაშვილზე, ჩააბარა უნივერსიტეტში და ახლა დადის ჭავჭავაძეზე, მაშინ, როცა ჩამოსულისთვის სტუდენტობა მთლიანად ცვლის ცხოვრებას: არის სამზადისი, გადმოდის სხვა ქალაქში, იჩენს ახალ მეგობრებს, ემზადება, გეგმავს, ოცნებობს… ერთი სიტყვით, მისთვის სტუდენტობა – ახალი და გამოწვევებით აღსავსე, საინტერესო ცხოვრებაა, რასაც ვერასდროს შეიგრძნობ, თუ „არასდროს ჩამოსულხარ“.

2. ეჩვევი შრომას ადრეული ასაკიდან, როგორც არ უნდა პროგრესირდეს ერი, მინიმუმ ფარული ქედმაღლობა მათი მისამართით, ყოველთვის იგრძნობა გარკვეული მასებისგან. ეს გამოხატულია უკბილო ხუმრობებში, თუ ზემოდან ყურების თუნდაც მსუბუქად გამოხატულ ფორმაში, შესაბამისად ეს აყალიბებს ე.წ. „ჟილკას“ და ადამიანები გაცილებით უფრო მებრძოლები ხდებიან, მიზნებსაც უფრო მარტივად აღწევენ და არც თავდაუზოგავი შრომა ეზარებათ;

3. ცხოვრობ მუდმივად მონატრების და პოზიტივის შეგრძნებებით: გენატრება შენი მშობლიური ქალაქი, ჩადიხარ, ივსები პოზიტივით, მერე ისევ თბილისი გენატრება, გამორბიხარ და აქაც ბედნიერების მუხტები გავსებს, ანუ მინიმუმ ორი ადგილი, სადაც უყვარხართ, ენატრებით და შენი ჩასვლა უხარიათ – მუდმივად არსებობს;

4. ეჩვევი დამოუკიდებლობას ადრეული ასაკიდან, მაშინ, როცა თბილისელების დიდი ნაწილი, 30 წლის ასაკში გადაწყვეტს მარტო ცხოვრებას და „რა დაგაკელი შვილო“ მორალით მშობლები მისტირიან, თქვენ 18 წლიდან მარტო ცხოვრობთ, დამოუკიდებლად, ორგანიზებას და მართვასაც სტუდენტობიდანვე ეჩვევით და ეს კარიერაშიც გადგებათ;

5. ხარ კარგი მზარეული, ამზადებ გემრიელად, გეხერხება რეცხვა, დალაგება, საკუთარი თავის მოვლა – შესაბამისად, მარტო მცხოვრებ ჩამოსულთან ვიზიტი ერთი სიამოვნებაა, მასთან თანაცხოვრებაც…

6. ხარ თავისუფალი 17 წლის ასაკიდან, ამ ახალ ქალაქში ხომ ჯერ კიდევ თითქმის არავინ გიცნობს, არც მეზობლების კომენტარები გაწუხებს, არც ის – თუ რას იტყვიან ნათესავები, შესაბამისად, შენს საქციელზე თავად ხარ პასუხისმგებელი და შეზღუდვებსაც მალევე იხსნი…

7. მუშაობ მეტს საკუთარ თავზე, ზოგს შენი საუბრის აქცენტი არ მოსწონს, ზოგს ჩაცმულობა, ა.შ. ნელნელა ხვეწ ყველაფერს, ბოლოს შენივე მიღწეული შედეგი – თავადვე გაოცებს და ხვდები, რომ ყველაფერი შენს ხელშია…

და ბოლოს, რეგიონიდან თბილისში ჩამოსვლისას, ან ჩამოსვლის შემდეგ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ:

  • იქნება პერიოდები, როცა ვიღაცას თქვენთან მეგობრობა არ მოუნდება, რაკი „სოფლელს“ თავს ვერ გაუყადრებს და დადგება დრო, როცა ეს და სხვა ბევრი მსგავსი ვიღაც ფეხებში ჩაგივარდებათ და თქვენთან მეგობრობას მოისურვებენ, მაგრამ მერე უკვე თავად გაგიქრებათ მათთან კომუნიკაციის სურვილი;
  • იქნება აგიტაციაც, რომ დაბრუნდეთ თქვენს ქალაქებში და ნუღარ წაართმევთ სამუშაო ადგილებს ადგილობრივებს, როცა ამის მარტივი გადაწყვეტა არსებობს: გახდი ჩემზე უკეთესი და ვეღარ წაგართმევ, ანუ პრობლემა მხოლოდ მათშია და თქვენ ეს ფეხებზე უნდა დაიკიდოთ.
  • იქნება დაცინვაც: აქ ქირით ცხოვრებას არ
    გირჩევნია შენს სოფელში წაეთრე და საქმეს მიხედო? ეპითეტები: უსახლკარი, უთვისტომო, ჩამოთრეული… თქვენ გული დაგწყდებათ, რომ მათსავით ვაკეში, ვერაზე და ა.შ. არ ცხოვრობთ და ვერც პასუხის შესაძლებლობა გაქვთ, თუმცა გავა დრო და ზუსტად ეს ნაცნობები, სხვა ჩამოსულებზე გათხოვდებიან/შეუღლდებიან, მერე ქირით გადავლენ სადმე, მათსავე საძულველ გარეუბანში, ან თქვენი შეძენილი რამდენიმე ბინიდან, რომელიმეს იქირავებენ J თქვენ კიდევ, შეინარჩუნებთ ღირსებას, სულგრძელობას და ძველი ცოდვებისთვის მათ არასდროს დასცინებთ.
  • ისინი, ვინც მეტყველებას, ჩაცმულობას, მანერებს გიწუნებდნენ, თქვენი ფანები გახდებიან და ამ ყველაფერში, თავად მოგბაძავენ…
  • ისინი, რომლებიც აღდგომას თქვენს რეგიონებში ჩასვლას დასცინოდნენ, თავად გამოიკეტებიან რეგიონებში, ან ევროპის ან აზიის რომელიმე ქვეყნიდან ჩამოფრენილს, რჩევას გკითხავენ, დააკვალიანოთ, როგორ იმოგზაურონ იაფად და თქვენც ყველა წყენას დაივიწყებთ და სულგრძელად და ვრცლად აუხსნით დეტალებს…;
  • ნებისმიერი წინააღმდეგობა, ზურგის შექცევა, ხელის კვრა, აგრესია, თუ ირონია თქვენი სწრაფი განვითარების წინაპირობა იქნება და კიდევ დიდი მუხტის, წიწილებს ხომ შემოდგომით ითვლიან, ხოლო იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის…
  • ჰო, ვინც ბოლოს იცინის და გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყველაფერი, რაც უკვე გააკეთეთ მხოლოდ ღიმილი იყო, ცრემლებამდე ხარხარი ჯერ კიდევ წინაა და თქვენს ეს შეგიძლიათ, შემოდგომაც კიდევ არაერთხელ დადგება და თქვენც სულ უფრო მეტ წიწილს დაითვლით.

და ზოგადად:

ხანდახან რაც არ გერგებათ, ის ყველაზე კარგად შეიძლება შეირგოთ (თბილისი მაგალითად)
წიწილების დასათვლელად ყოველთვის შემოდგომას ნუ დაელოდებით, ეს წელიწადის ყველა დროს შეგიძლიათ;
ხანდახან პირველი ქვა ცოდვილმაც შეიძლება გესროლოთ და ამისთვის მზად უნდა იყოთ;
ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის, თუმცა გააჩნია რამდენად ხმამაღლა ყეფს ძაღლი;
ძეხვს თუ ვერ შეწვდებით, პარასკევი არაფერ შუაშია, ესროლეთ და ჩამოაგდეთ!
გისურვებთ წარმატებას!
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები