18 სასარგებლო რჩევა, რომელსაც ავტო სკოლებში არ ასწავლიან!
18  სასარგებლო  რჩევა,  რომელსაც  ავტო  სკოლებში  არ  ასწავლიან!
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ავტომობილისტი დებს თავს, კარგი მძღოლი ვარო, ბევრმა მათგანმა შესაძლოა არ იცოდეს ნიუანსები, რომლებიც მართლაც დაეხმარება მათ ავტოპროფესიონალად ჩამოყალიბებაში.
ქვემოთ გთავაზობთ გამოცდილი მძღოლის რჩევებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, ყველამ უნდა იცოდეს, თუკი უსაფრთხოდ მგზავრობა სურს.
გაითვალისწინეთ, ამ ნიუანსებს ავტოსკოლაში არ ასწავლიან.

1. ტრასა, მოსახვევი მარცხნივ: თქვენ დგახართ და ელოდებით, როდის გაივლიან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, რომ მოუხვიოთ. საჭე აუცილებლად გეჭიროთ სწორად და მოხვევა დაიწყეთ მხოლოდ დაძვრის შემდეგ, რადგან უკნიდან დაჯახების შემთხვევაში, თქვენი მანქანა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მხარეს აღმოჩნდება. შედეგად რაც მოხდება, მარტივი მისახვედრია.

2. თუ მგზავრობისას შემთხვევით ტროტუარს ან გამყოფ კედელს შეეხეთ, დაივიწყეთ საჭის საპირისპირო მიმართულებით დატრიალება. პირიქით, ეცადეთ მჭიდროთ გეჭიროთ საჭე იგივე მდგომარეობაში და მუხრუჭის გარეშე. აქსელერატორის ნელ-ნელა აშვებითა და ტროტუარზე/კედელზე ხახუნით ავტომობილი სიჩქარეს დაკარგავს და მარტივად შეძლებთ სავალ ნაწილზე დაბრუნებას. ნუ ეცდებით მომენტალურად დაბრუნდეთ სავალ ნაწილზე, რადგან მაღალი სიჩქარის შემთხვევაში მანქანა საპირისპირო მხარეს გადავარდება და, შესაბამისად, უარეს შედეგს მიიღებთ.

3. ყურადღებით იყავით მოსახვევში შესვლისას. ყოველთვის, ნებისმიერ მოსახვევში, მაქსიმალურად მოჭერით კუთხე და შიდა რადიუსით შეუხვიეთ. ამით, გარდა იმისა, რომ მოცურების საფრთხეს ამცირებთ, თავს იზღვევთ საპირისპირო მხარეს მოძრავ მანქანასთან შეჯახებისგან, ვინაიდან, საპირისპირო ზოლში მოძრავი ავტომობილებიც სწორედ ამ მეთოდით შემოუხვევენ. მათი მოცურების შემთხვევაში კი გაცილებით იზრდება თქვენი შანსი, დაუზიანებლად გაიაროთ გზის რთული მონაკვეთი.

4. ზოლიდან ზოლში გადასვლისას გაზარდეთ ავტომანქანის სისწრაფე.

5. ნუ იმოძრავებთ ნეიტრალური სიჩქარით. გარდა იმისა რომ მართვის ეს სტილი საწვავის ხარჯს ზრდის, თქვენ ამ დროს კარგავთ აჩქარების საშუალებას, მუხრუჭი კი ყოველთვის გამოსავალი არ არის. გზაზე ყოველი წამი მნიშვნელოვანია, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

6. ნუ დაამუხრუჭებთ მოსახვევში. დაამუხრუჭეთ მანამდე. მოსახვევში უნდა შეხვიდეთ ინერციით, ან თუ საშუალება გექნებათ, აჩქარებაც გამოიყენოთ სისწრაფის შენარჩუნებისა და ავტომობილის კონტროლის მიზნით.

7. ყოველთვის იქონიეთ სარეზერვო ვარიანტი. მაგალითად, როდესაც გასწრების შესაძლებლობაში ოდნავი ეჭვი გეპარებათ, გადადით მარცხენა ზოლში და 2-3 წამი მიყევით თქვენს წინ მიმავალ მანქანას ამ ზოლში, დარწმუნდით რომ შესაძლებელია გასწრება და შემდეგ დაიწყეთ მანევრი. საპირისპირო შემთხვევაში თქვენ მარტივად შეძლებთ დაუბრუნდეთ თქვენს ადგილს.

8. საპირისპირო ზოლიდან კოლონის გასწრების დროს, ნუ დაუშვებთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომას და ნუ შეანელებთ სიჩქარეს. პირიქით, აკონტროლეთ სისწრაფე და დრო საპირისპირო ზოლში. ავტომანქანის შენელებით გამოსავალს ვერ იპოვით, რადგან კოლონის შუაში ჩადგომა ძალიან რთულია. მოუმატეთ სისწრაფეს და გადაასწარით კოლონას დროულად. ზოგადად კი უმჯობესი იქნება, თუ მსგავს სიტუაციაში გასწრებისგან თავს შეიკავებთ და უფრო ხელსაყრელ მომენტს დაელოდებით.

9. თუ შენიშნეთ, რომ თქვენი მიმართულებით მოძრავი მანქანა თქვენს ზოლშია გადმოსული და დროულად ვერ ახერხებს გასწრებას, ნუ დაუწყებთ ფარების ციმციმს, ამით ის უფრო დაიბნევა. უმჯობესია ჩართოთ მარჯვენა ციმციმა, ტროტუარს მაქსიმალურად მიუახლოვდეთ და შენელება დაიწყოთ.

10. თუ მანქანა მოგიცურდათ ან უმართავად გაცურდა ერთი მიმართულებით, თავდაჯერებულად იმოქმედეთ, ნუ აღელდებით. პროცესი მომენტალურად არ ხდება, შესაბამისად არ საჭიროებს მკვეთრ მოძრაობებს. მოცურებისას ნუ
დაამუხრუჭებთ მკვეთრად და ნუ გამოიყენებთ ხელის მუხრუჭს. ავტომანქანის კონტროლი ამ შემთხვევაში მხოლოდ აქსელერატორის საშუალებითაა შესაძლებელი. ძრავის დაბალი ბრუნისა და საჭის ნაკლებად მკვეთრი მოხვევის საშუალებით შეეცადეთ დააბრუნოთ ავტომანქანა გზაზე.

11. კარგი იქნება, თუ გამონახავთ მოედანს, სადაც საკუთარ მანქანას ექსტრემალურ პირობებს შეუქმნით. გატესტეთ საკუთარი მანქანა აჩქარებაში და დამუხრუჭებაში იმისათვის, რომ იგრძნოთ მისი შესაძლებლობები და მეტად თავდაჯერებულად იმგზავროთ. ერთი ასეთი ტესტით მანქანას არაფერი დაემართება, ხოლო თუ დაემართება, ესე იგი, ტესტმა რეალური საფრთხისგან გიხსნათ.

12. ნუ იქნებით მანქანის კომპიუტერული სისტემის იმედად. სვლის სტაბილიზაციისათვის შექმნილი სისტემა, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან ამარტივებს მანქანის მართვას, ყოველთვის ვერ დაეხმარება მძღოლს. პროგრამა, თქვენგან განსხვავებით, ვერ აზროვნებს და ვერ აცნობიერებს სიტუაციას. ამიტომ პირველ რიგში იყავით საკუთარი გამოცდილებისა და რეაქციის იმედად.

13. რამდენად კარგიც უნდა იყოს ავტომობილის გარეთა სარკეები, ყოველთვის წამიერად გაიხედეთ გვერდით ზოლიდან ზოლში გადასვლამდე, რადგან სარკისთვის მკვდარი ზონა ყოველთვის არსებობს.

14. ღამით თქვენსკენ მომავალი მანქანის ფარები თუ გაბრმავებთ, მოარიდეთ თვალი მის ფარებს და იმისათვის, რომ გზიდან არ გადაუხვიოთ, თეთრ ზოლს პარალელურად მიყევით.

15. გახსოვდეთ, ადამიანის სიცოცხლე ყველაფერზე მნიშვნელოვანია! მარჯვენა ზოლში ნელა მიმავალ მანქანებს თუ მარცხენა ზოლიდან სწრაფად უსწრებთ, ჯობს სვლა შეანელოთ. მარჯვნივ მოძრავი მანქანები ტყუილად არ მიდიან ნელა, ისინი ქვეითებს უთმობენ გზას, რომლებიც ქუჩას კვეთენ. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ სწრაფად სიარული, გაასწროთ ყველა იმ "იდიოტს", რომლებიც გზას უთმობენ ქვეითებს, დაეჯახოთ რომელიმე მათგანს, რამდენიმე წელი ციხეში გაატაროთ და ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოთ, მაგრამ განა პირველი ვარიანტი გაცილებით უკეთ არ ჟღერს? დაზღვეული არავინაა, სიფრთხილე ყველას გვმართებს.

16. ყოველთვის და ყველგან, სადაც ბავშვს დაინახავთ, მშობელთან ერთად თუ მის გარეშე, შეანელეთ სვლა. ისინი ვერ აცნობიერებენ საფრთხეს და დაუფიქრებლად დარბიან ქუჩებში. ალბათ ყველა ჩვენგანს თავად გვქონია ბავშვობაში ასეთი შემთხვევა, ამიტომ ნუ გავამტყუნებთ ბავშვებსა და მშობლებს.

17. დაამუხრუჭეთ პულსურად. მუხრუჭის ერთ დონეზე დაჭერა, ხუნდების სწრაფად ცვეთის გარდა, მათ გადახურებას იწვევს, რაც მუხრუჭების გარეშე დარჩენის წინაპირობაა. მიეცით მათ გაგრილების საშუალება, დაახმურუჭეთ სატერფულზე (პედალზე) ფეხის რამდენიმე დაჭერა-აშვებით და ყოველ ჯერზე მოუმატეთ დაჭერის ძალას. ტრონიკისა და მექანიკური ტრანსმისიის შემთხვევაში, დასამუხრუჭებლად გამოიყენეთ ძრავის ბლოკირებით დამუხრუჭების მეთოდიც (ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოყარეთ სიჩქარეები). დამუხრუჭების ეს მეთოდი მოყინული საფარის შემთხვევაშია განსაკუთრებით გამოსადეგი.

18. ყველაფრის მიზეზი სისწრაფეა. არ არსებობს ავარია, რომელზეც ვერ ვიტყვით, რომ "ცოტა ნელა სიარულის შემთხვევაში არაფერი მოხდებოდა!" თუ ისეთ "ეგზოტიკურ" შემთხვევებს არ ჩავთვლით, როგორებიცაა:

დამავიწყდა ხელის მუხრუჭის გამოყენება;

მე რა ვიცოდი თუ სიჩქარიდან უნდა ამომეღო დაქოქვისას;

მერე რა, რომ ინგლისში ვართ, მე მარჯვენა მხარეს მოძრაობას ვარ მიჩვეული;

ეხლა ამათ სად ველოდო, "პროწივიდან" გადავასწრებ ჯობს;

ნახე, ვარსკვლავი ჩამოვარდა…
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები