სონკა - ქურდული სამყაროს დედოფალი, რომელიც სიყვარულმა დაამარცხა
სონკა - ქურდული სამყაროს დედოფალი, რომელიც სიყვარულმა დაამარცხა
ქალი, რომლის ცხოვრება ბურუსითაა მოცული, მე-19 საუკუნეში ქურდული სამყაროს დედოფლად იყო აღიარებული. ქურდი, გარდასახვის საოცარი უნარით, სამართალდამცავებს ყოველთვის უსხლტებოდა ხელიდან, თუმცა უპასუხო გრძნობამ საბედისწერო შეცდომა დააშვებინა...
მისი ნამდვილი სახელი სურა სოლომონიაკი გახლდათ. ოჯახში, სადაც ქურდული სამყაროს მომავალი დედოფალი დაიბადა, მოპარული ნივთების გასაღება, კონტრაბანდა და ყალბი ფულის დამზადება ცხოვრების წესი იყო.
სონკა 18 წლის იყო, როცა ვარშავაში, ვინმე როზენბადს ცოლად გაჰყვა, მაგრამ შვილის გაჩენისთანავე ქმარი მიატოვა და გამომშვიდობებისას პირწმინდად გაძარცვა. ამის შემდეგ რუსეთში დაბრუნდა, სადაც მისი თავბრუდამხვევი ქურდული კარიერა დაიწყო.

ამბობენ, რომ ის სუსტებს არასოდეს ჩაგრავდა, თუმცა მდიდარი ვაჭრების და ბანკირების ძარცვაში ცუდს ვერაფერს ხედავდა. მესამე კლასის ვაგონებში წვრილმანი ქურდობიდან დაიწყო და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა, რომელიც 1860-70-იან წლებში რუსეთის უდიდეს ქალაქებსა და ევროპას შიშის ზარს სცემდა.
საოცარი ნიჭიერების, გარდასახვის უნარისა და ფანტაზიის წყალობით, მისი ყოველი თაღლითობა საზოგადოებისთვის სენსაცია ხდებოდა. რამდენჯერმე გისოსებს მიღმაც აღმოჩნდა, თუმცა თავი ადვილად დაიძვრინა.

1868 წელს სონკა მოხუც, მდიდარ ებრაელს შელომ შკოლნიკს ცოლად გაჰყვა. როგორც კი ქმრის ფული ბოლომდე გაანიავა, სონკამ შკოლნიკი მიატოვა და ბანქოს შულერს აეკიდა, რომელიც მალე მატარებლების ქურდზე მიხეილ ბლიუვშტეინზე გაცვალა.

ქურდებმა მეტსახელი „ოქროსხელება სონკა“ მოქნილი, ყოვლისშემძლე თითებისა და იღბლიანობის გამო შეარქვეს. გრძელი ფრჩხილების ქვეშ ქალი საიუველირო მაღაზიებიდან მოპარულ ბრილიანტებს მალავდა. გრძელი, ფართხუნა კაბის დახმარებით კი ქსოვილების მაღაზიებიდან უძვირფასები ქსოვილები გამოჰქონდა.

დაბალი, გამხდარი სონკა მზეთუნახავი არ ყოფილა, თუმცა მამაკაცებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ქალი, რომელსაც სკოლაში არასოდეს უსწავლია, ხუთ ენაზე თავისუფლად საუბრობდა. ევროპაში მოგზაურობის დროს ის თავს ხან გრაფინიად, ხან ბარონესად აცნობდა და მის სიტყვებში ეჭვი არავის ეპარებოდა.

1866 წელს პოლიციამ „ოქროსხელება“ ჩემოდნის მოპარვის ბრალდებით დააკავა, თუმცა ქალმა ადვილად დაარწმუნა, რომ ჩემოდანი შეცდომით აიღო. სწორედ ამ პერიოდში სონკამ პეტერბურგში ბანდიტური დაჯგუფების შექმნა დაიწყო და ამ საქმეში ცნობილი ქურდი, ლევიტა სანდანოვიჩი ჩართო. ის ოდესასა და ლონდონში არასრულწლოვანი ქურდების „სკოლების“ შექმნაზე ზრუნავდა და ამბობენ, რომ ქურდული „ობშიაკის“ შექმნისა და გაჭირვებაში ჩავარდნილი კრიმინალების დახმარების იდეაც მას ეკუთვნის.

„ოქროსხელება“ ყოველთვის მარტო მუშაობდა. საქმეს საგულდაგულოდ გეგმავდა და ასევე, გულმოდგინედ ახორციელებდა. მან მსხვერპლის სექსზე დაყოლიების გზით, ქურდობის ახალი მეთოდი, სახელად „ხიპესი“ შექმნა, რომელიც თითქმის ყოველთვის ამართლებდა - ფულიანი, მექალთანე მამაკაცები ძვირად ღირებულ ბეწვის ქურქში გამოწყობილ და ბრილიანტებით დამშვენებულ ლამაზ ქალს სასტუმროს ნომერში მორჩილად მიჰყვებოდნენ და სანამ მასთან ლოგინში ნებივრობდნენ, სონკას თანამზრახველი ჯიბეებს და საფულეს უსუფთავებდა.

„ოქროსხელება“ ქალის ცხოვრების არსი ფული, ვნება და ძალაუფლების სურვილი გახლდათ და რომ არა მოულოდნელად თავს დამტყდარი სიყვარული, არავინ იცის, ასე როდემდე გაგრძელდებოდა.

სონკას ცხოვრებაში ოდესელი ახალგაზრდა, სიმპათიური ქურდის ვალოდია კოჩუბჩიკის (ვოლფ ბრომბერგი) გამოჩენა საბედისწერო აღმოჩნდა. ნამდვილი სიყვარული მანამდე არასოდეს გამოუცდია, ამიტომ ახალგაზრდა საყვარლის შენარჩუნებას ფულითა და ძვირფასი საჩუქრებით ცდილობდა.
კოჩუბჩიკმა ამით მშვენივრად ისარგებლა და სონკასგან ყოველ ჯერზე
უფრო და უფრო მეტ ფულს ითხოვდა. ის გამუდმებით ბანქოს თამაშობდა და უზარმაზარ ფულს აგებდა. სონკა ცდილობდა, ალფონსი გონზე მოეყვანა, სათამაშო სახლებში აკითხავდა და სახლში დაბრუნებას თხოვდა.
ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ კოჩუბჩიკს ქალის მეურვეობა მალე მობეზრდა. ის სათამაშო სახლებში მისულ „ოქროსხელებას“ გინებით და ცემა-ტყეპით აგდებდა, თუმცა კრიმინალური სამყაროს ძლევამოსილი დედოფალი საყვარლისგან ყველანაირ დამცირებას ითმენდა.

გაუმაძღარი საყვარლის გამო სონკა იძულებული იყო მეტი ემუშავა და მეტად გაერისკა, მაგრამ ამანაც ვერ უშველა. ბანქოს შულერმა ქალის მთელი ქონება გაანიავა და ასაკით უფროსი, დაღლილი საყვარელი აღარაფერში ჭირდებოდა.

სონკა ფულისა და ძვირფასეულობის გარეშე დარჩა, თანაც ყველგან წესრიგის დამცველები უთვალთვალებდნენ. ის მშვენივრად ხვდებოდა, რომ ოდესაში ყოფნა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო, მაგრამ საყვარლის გარეშე ცხოვრებას სიკვდილი არჩია და დარჩა.
ამ დროს, კოჩუბჩიკი მოხუცი და უფულოდ დარჩენილი სონკას მოცილებაზე ოცნებობდა. მან უყოყმანოდ დაასმინა პოლიციასთან თავისი მფარველი, რათა აზარტისა და ახალგაზრდა გოგონების სამყაროში გადაშვებულიყო.

სონკა გაასამართლეს და ციმბირში გააგზავნეს. „ოქროსხელებამ“ კატორღიდან გაქცევა სცადა. მეორე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ის სასტიკად გაროზგეს და ხელებზე და ფეხებზე ბორკილები დაადეს, რომლებიც სამი წელი ატარა. ამბობენ, რომ მანამდე კატორღაზე ქალი ასე მკაცრად არასოდეს დაუსჯიათ. სონკას კატორღიდან გაქცევა ერთადერთი მიზნის გამო სურდა - საყვარლის ნახვა და თვალებში ჩახედვა უნდოდა, თუმცა კოჩუბჩიკს სინდისის ქენჯნა ნამდვილად არ სტანჯავდა.

სონკას თავიდან მოცილების შემდეგ ის ბესარაბიაში გაემგზავრა, სადაც საყვარლის ფული და ძვირფასეულობა სახლებსა და ადგილ-მამულებში მომგებიანად დააბანდა და ცხოვრების ბოლომდე უზრუნველად იცხოვრა.

სონკას სიკვდილზე უამრავი ლეგენდა არსებობს. ზოგი ამბობს, რომ ის კატორღიდან გამოვიდა და 1947 წელს ოდესაში, ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. მეორე ვერსიით, ოდესაში აღარასოდეს ჩასულა და 1920 წელს მოსკოვში მოკვდა.

სონკას გარდაცვალების შემდეგ როსტოვის, ოდესის, პეტერბურგის და ლონდონის ქურდებმა ფული შეაგროვეს და ვაგანოვსკის სასაფლაოზე მის საფლავზე საძმოს სახელით, იტალიელი ოსტატების დამზადებული თეთრი მარმარილოს ქანდაკება დადგეს.
ძეგლის კვარცხლბეკზე უამრავი წარწერაა „სოლნცევოს საძმო არასოდეს დაგივიწყებს“, „როსტოვს ყველაფერი ახსოვს“, „ერევნელი ბანდიტები გიხსენებენ“, „დაგვეხმარე სონკა, საქმეზე მივდივართ“...

მე-19 საუკუნის უდიდესი ავანტიურისტი ქალის სიცოცხლე და გარდაცვალება დღემდე ბევრ კითხვას აჩენს, თუმცა ერთი რამ ცხადია - „ოქროსხელებამ“ სიყვარულში საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რომელიც განაჩენად ექცა.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
21-11-2017
ვფიქრობ, რომ ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ღმერთმა ჩამიფიქრა
ავარიის შემდეგ ბევრი რამის სწავლა თავიდან მოუხდა. მარტოხელა დედა იყო, 2 შვილი ჰყავდა მოსავლელი და ცდილობდა დამოუკიდებლად, ცალი ხელით გაეკეთებინა ყველაფერი. დარწმუნდა, რომ თურმე, ყველანაირი შიშის დაძლევა შეიძლება. ჯერ კიდევ ვერ დაუჯერებია, ბოლო 2 წლის მანძილზე ფიზიკურსა თუ სულიერ ტკივილებს როგორ მოერია და გადარჩა… მოინდომა და ყველა სირთულე დაამარცხა…
უამრავი პრობლემა აქვს- ვერ შოულობს სამსახურს; ყოველი თვის ბოლოს ფიქრობს, როგორ გადაიხადოს ბინის ქირა; არ იცის, მეორე დღეს რითი იარსებოს, მაგრამ არასდროს წუწუნებს.- უბედურებაზე ადვილი არაფერია. ბევრი მიზეზი მაქვს, ცუდად რომ ვიგრძნო თავი, მაგრამ უფრო მეტი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ “ხელმეორედ დაბადებულმა” სიცოცხლის მშვენიერება მთელი ძალით შევიგრძნო. შეუძლებელი არაფერია, მთავარია, გჯეროდეს და გწამდესო,- ამბობს 34 წლის შშმ პირი სალომე გოგეშვილი, რომელსაც ახლოს თუ გაიცნობ, საკუთარ შეუზღუდავ შესაძლებლობებში უფრო შეგეპარება ეჭვი ადამიანს.
– ბედის სამდურავი როგორ არ წამომცდენია, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ უფალმა უკეთესად იცის, ვის მოუვლინოს განსაცდელი. ჩემმა მდგომარეობამ მართალია, მიწაზე დამანარცხა, მაგრამ მომცა განვითარების მეტი შესაძლებლობა, ბევრ რამეზე დამაფიქრა და ახალი გზები მაჩვენა. ადრე სულ სხვანაირი ვიყავი. მარტივად მწყინდა, მერე ამ წყენას გულში ვიდებდი და ადვილად ვერ ვპატიობდი შეცდომებს. ახლა, როდესაც ადამიანები ცუდად იქცევიან, ძველებურად სამდურავს კი არ ვეუბნები მათ, არამედ ვცდილობ, გავიგო მიზეზი, რატომ მატკინეს გული და რატომ არ შეეძლოთ უკეთესად მოქცევა. მე შემიძლია სიბნელეში სინათლე შევიტანო! მე ეს შემიძლია და მგონია, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა გაფანტო სიბნელე.

– მომიყევი, როგორ ცხოვრობდი ავარიამდე?
– თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მართლაც უდარდელი, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ვმღეროდი, გამოვდიოდი კონცერტებზე, სილამაზის კონკურსებში ვმონაწილეობდი. არაჩვეულებრივი ბებია და ბაბუა მყავდა. მათი დამსახურებაა, ჩემში ამდენი სიყვარული რომ არის. მეცხრე კლასის დასრულებისთანავე ჩავაბარე კონსერვატორიის ათწლედში, ვოკალის განხრით და იმ წელს გავთხოვდი კიდეც- მომიტაცეს. ჩემი ქმარი მაშინ 16 წლის იყო, მე- 14-ის. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ბავშვი უცებ, ქალად ვიქეცი და ოჯახური ცხოვრება დავიწყე. მომწონდა კიდეც სახლში ფუსფუსი და მიხაროდა, სადილების მომზადებას რომ ვსწავლობდი. 16 წლისას შემეძინა მარიამი. ვერაფერს შევადარებ დედობას, ეს საოცარი გრძნობაა… ახლა მარიამი 18 წლისაა, დავსხდებით ხოლმე და ერთად ვგეგმავთ ყველაფერს, როგორც მეგობრები. მეორე გოგონა, სოფიო კი 11 წლისაა.

– სწავლა აღარ გაგიგრძელებია, არა?
– ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ იმაზე ბევრად მეტის გაკეთება შემეძლო, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებდი. დამაინტერესა ფსიქოლოგიამ. მაშინ ინტერნეტი არ იყო და თუკი სადმე რამეს მოვიძიებდი, ყველაფერს ვკითხულობდი. დავდიოდი ტრენინგებზეც. მთელი ცხოვრება თითქოს, რაღაც ჩარჩოებს ვუწესებდი საკუთარ თავს. ახლა ვერ ვხვდები, რატომ მქონდა ასეთი განწყობა. მერე სოციოლოგიის ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა ინტერვიუერად. დამაინტერესა ადამიანის ტიპაჟმა. იმ პერიოდში ვნახე ფილმი “საიდუმლო”, რომელმაც ჩემი ცნობიერება შეცვალა. ეს ფილმი იმაზეა, თუ როგორ შეუძლია ჩვენს ფიქრებს ჩვენი მომავლის შეცვლა, ანუ პოზიტიური აზროვნება რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ განსაზღვრავს იმას, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება… ბევრს უთქვამს: შენ რატომ დაგემართა ეს ამბავი? შენ არ უნდა დაგმართოდა… რა ვიცი, ალბათ, რომ არა ეს ტრაგიკული შემთხვევა, არ ვიქნებოდი ისეთი სალომე, როგორიც დღეს ვარ- ასეთი ძლიერი, თავდაჯერებული. ადრე ბევრი კომპლექსი მქონდა- ვიხედებოდი სარკეში და საკუთარი თავი არ მომწონდა: არც სახე, არც ტანი, არც ფეხი… აი, ახლა კი ვფიქრობ, რომ ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ღმერთმა ჩამიფიქრა, მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ნაწილი მაკლია.
– მტკივნეული იქნება კიდევ ერ­თხელ იმ დღის გახსენება…
– 2015 წლის 15 აგვისტოს მოხდა ეს ამბავი. სამსახურიდან წამოვედი, ბავშვებისთვის რაიონში ტკბილეული უნდა გამეგზავნა. ნაწვიმარი იყო და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ღვედი არ მეკეთა და ამან გადამარჩინა, დარტყმისას მძღოლის მხარეს გადავვარდი, თორემ მარტო ხელს კი არ წამაცლიდა, რკინის ჯებირი ალბათ პირდაპირ გამჭრიდა შუაზე. ინსტინქტურად ავწიე მარჯვენა ხელი, რომ სახეზე ამეფარებინა, მაგრამ… მახსოვს, თავი რომ ავწიე, რაღაც ბურუსში ვიყავი, ვერანაირ ტკივილს ვერ ვგრძნობდი, თუმცა ვხვდებოდი, რაღაც საშინელება მოხდა. ვიღაც უცნობი მამშვიდებდა: ნუ გეშინია, გადაგარჩენთო და მე ვეუბნებოდი: არ უნდა მოვკვდე, 2 შვილი მყავს-მეთქი. ადამიანის სახეებს ვერ ვარჩევდი, მხოლოდ ყვირილი მესმოდა. ისეთი საშინელი დასანახავი ვიყავი, ვერავინ მეკარებოდა. მერე ერთმა ბიჭმა მაისური გაიხადა და ხელზე შემომიჭირა. “სასწრაფო” მანქანაში სახელი, გვარი და სისხლის ჯგუფიც კი ვუთხარი, მერე კი გავითიშე. მახსოვს, ჯერ ნაცრისფერი გახდა ყველაფერი და რაღაცნაირი საოცარი სითბო ვიგრძენი, მერე სიბნელე იყო… თვალები რომ გავახილე, უამრავი თეთრხალათიანი დავინახე. ფეხებს ვგრძნობდი, მარცხენა ხელსაც ვამოძრავებდი, თითქოს მეორესაც, მაგრამ რაღაც რიგზე ვერ იყო… ჯერ კიდევ ნარკოზით გაბრუებულს მესმოდა სიტყვები: ამპუტაცია, ამპუტირებული. ლაპარაკი მინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი და ექთანს ვანიშნე, პირიდან ეს აპარატი ამომიღე-მეთქი.- ხელი აღარ მაქვს?- ეს იყო ჩემი პირველი შეკითხვა. ექიმი მომეფერა და დამაიმედა: ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია, გადარჩი, მკვდარი გაგაცოცხლეთო. რეანიმაციიდან პალატაში რომ გადამიყვანეს და ჩემები სანახავად მოდიოდნენ, ყველა ჩუმ-ჩუმად ტიროდა და შეშინებულები მიყურებდნენ. არ დამიჯერებთ, მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი იმით, რომ გადავრჩი! ხომ ვიგრძენი, როგორ ვტოვებდი აქაურობას… მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა და მივხვდი, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი…

– მორჩა, დამთავრდა ყველაფერიო,- ერთხელ მაინც არ დაგეუფლა ასეთი სასოწარკვეთილება?
– როგორ არა! მახსოვს, პალატაში ჩემი მეგობარი შემოვიდა და ხელი ჩამჭიდა.- ასეთი აღარავის დავჭირდები და აღარავის ვეყვარები-მეთქი,- შევჩივლე. ვიგულისხმე მშობლები, შვილები, დედმამიშვილები. ვფიქრობდი, ზედმეტი ტვირთი ვიქნები-მეთქი ყველასთვის. ჩემი ხომ გჯერაო?- მკითხა. მჯერა-მეთქი.- ჰოდა, ყველაფერი კარგად იქნებაო. იმ წუთში საოცარი ძალა მომცა მისმა სიტყვებმა… საავადმყოფოში მნახველებს თავად ვამხნევებდი. არ შემეძლო გაუთავებელი ტირილი და გოდება. დაბინტულ მკლავზე გარედან სმაილიკი მივიხატე მარკერით და ყველას ვეუბნებოდი, ჩემს ხელს პოზიტურად შეხედეთ. გაიღიმეთ-მეთქი. პირველად რომ დამოუკიდებლად შევედი სააბაზანოში, პალატაში წავიცეკვე კიდეც სიხარულის ნიშნად. ფაქტობრივად, სიცოცხლის მეორე შანსი მომეცა, მეორედ დავიბადე და აბა, რა უფლება მქონდა, ყურები ჩამომეყარა? შინაგანი ტრანსფორმაცია განვიცადე, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. სულ სხვანაირი, ახალი სალომე გავხდი.  განაგრძეთ  კითხვა

მთვლელები