მივიწყებული ისტორია – როგორ შეიქმნა ტყუილი ძვირფასეულობა, რომელიც დღემდე აგრძელებს ქალების გულის მოგებას! (5 ფოტო)
მივიწყებული  ისტორია – როგორ  შეიქმნა  ტყუილი  ძვირფასეულობა,  რომელიც  დღემდე  აგრძელებს  ქალების  გულის  მოგებას!  (5  ფოტო)
უდიდეს პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებმაც არაფრიდან დიდი ძალისხმევის, თავდაუზოგავი შრომისა და ბრძოლის შედეგად მიაღწიეს დასახულ მიზანს და შეძლეს, მსოფლიოს ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ეთამაშათ. ჩვენ ძალიან ბევრი ცნობილ ბრენდი ვიცით, მაგრამ მათი შექმნის ისტორიით იშვიათად ვინტერესდებით. არადა, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო - სწორედ მათი შემქმნელების სახელებს მიღმა იმალება. როგორ ხვეწდნენ ტექნოლოგიას და როგორ დაიპყრეს მსოფლიო ბაზარი.
მინდა დანიელ სვაროვსკის შესახებ გიამბობთ, რომლის ამოუცნობ პერსონას დღემდე იდუმალს უწოდებენ… ზოგიერთი მას თაღლითად და იმიტატორად მოიხსენიებს და ცნობილი იუველირის, ჟორჟ ფედერიკ სტრასის სტილის გადმოღებასაც აბრალებს.

იუველირი სტრასი მე-18 საუკუნეში ცხოვრობდა და წარმატებულად აყალბებდა ძვირფას სამკაულებს და ხელოვნურ ქვებს, რომლებითაც ის ნატურალური ქვების იმიტაციას ახდენდა, მაგრამ ისტორიაში ის მხოლოდ მარტოხელა ავანტიურისტად დარჩა, უშველებელი ფაბრიკის მფლობელის, ინჟინერის, წარმატებული და კანონმორჩილი ბიზნესმენის – დანიელ სვაროვსკისაგან განსხვავებით.




არსებობს კიდევ ერთი შეხედულება სვაროვსკის შესახებ: ესთეტი, არშემდგარი მევიოლინე, რომანტიკოსი, რომელსაც ამოძრავებდა სურვილი, დაემტკიცებინა გარშემომყოფთათვის, რომ ხელოვნებაში არც თუ ისე მნიშვნელოვანია მატერია, რომელთანაც მუშაობ. მთავარი არის ხელობა და ის მისტიკური ბროლის სამყარო, რომელშიც ეშვება მაყურებელი. განა არ შეიძლება ხელოვნური განათება ბუნებრივზე ნათელი იყოს? ან, ყალბმა ბრილიანტმა ბრწყინვალებით დაჩრდილოს ნამდვილი?


მაშ, ვინ იყო ეს ადამიანი-ლეგენდა, დანიელ სვაროვსკი, მსოფლიოში ცნობილი კომპანიის დამფუძნებელი? ღრმად მორწმუნე კათოლიკე და თავისი საქმის უბადლო ოსტატი? – ამას დანამდვილებით ალბათ ვეღარასოდეს გავიგებთ. რამდენადაც, მის შესახებ ბევრი ლეგენდა არსებობს და თავად კომპანიისთვისაც უფრო მომგებიანია – უცნობი „კონკიას“ ზღაპარი, რომელმაც ბროლის ფეხსაცმელი ჩაიცვა და პრინცესად იქცა.

დანიელ სვაროვსკი 1862 წელს, ჩრდილოეთ ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში, ბოჰემის მთებში დაიბადა. ცნობილი „ბოჰემური“ მინის (რითაც ეს მხარე ამაყობს) დამუშავება „სამრეწველო რევოლუციამდე“, დიდი ხნით ადრე დაიწყეს. იმ პერიოდში, ყოველი პატივცემული ბოჰემელის ოჯახში რამდენიმე მინის საამქრო ფუნქციონირებდა. არც დანიელის მამა იყო გამონაკლისი, თუმცა მისი ნაწარმი რაიმე განსაკუთრებულობით არ გამოირჩეოდა. მინისაგან ის ბიჟუტერიას, თმის სამაგრებსა და სხვა საყოფაცხოვრებო და საჭირო აქსესუარებს ამზადებდა.




უმცროსი სვაროვსკი, რამდენიმე წელი ოჯახურ ბიზნესში მუშაობდა. თავისუფალ დროს ვიოლინოზე უკრავდა. ერთხელაც, მას მოსწყინდა ამ პატარა სოფელში ცხოვრება და პარიზში გამგზავრება გადაწყვიტა, რადგან იცოდა, რომ დიდი საქმეები – დიდ ქალაქებში კეთდებოდა. დანიელი ქიმიის, ფიზიკის, მექანიკისა და ინჟინერისთვის საჭირო საგნების შესასწავლად პარიზს ესტუმრა. სწავლის დასრულების შემდეგ კი „მსოფლიოს ელექტროტექნიკურ გამოფენაზე“ წავიდა.

იდუმალი მექანიზმებისა და სხვადასხვა გამოგონებების შემხედვარე, ჩაფიქრდა. შესაძლებელი იყო თუ არა, ელექტროობის გამოყენებით მინა დაემუშავებინა? აღმოჩნდა, რომ შესაძლებელი იყო. 1891 წელს, მან ბევრი ფიქრის შემდეგ, მსოფლიოში პირველი ელექტრო სალესი მანქანა გამოიგონა.



ამ ხელსაწყომ საშუალება მისცა დიდი რაოდენობის ქვები და კრისტალები, მოკლე დროში დაემუშავებინა. თანაც, მაღალი ხარისხით. პუბლიკამ ჯერ ვერ გააცნობიერა, თუ რა ცვლილება მოახდინა კონკრეტულად დანიელმა თავისი გამოგონებით. იმისთვის, რომ ეს მიგნება გაესაჯაროვებინა, სვაროვსკის მასობრივი წარმოება უნდა დაეწყო. კერძოდ კი, ბაზარზე გასულიყო.
აქ მან ეშმაკობა გამოიყენა. ბოჰემელი ხელოსნებისთვის კონკურენცია რომ არ გაეწია,
ავსტრიაში გადაბარგდა და ვატენსში
(სადაც მხოლოდ 744 ადამიანი ცხოვრობდა) დაიწყო ბროლის დაშტამპვა და ძვირფასი ქვების იმიტაცია.
საკუთარ ბიზნესს ის კანონიერად თვლიდა და ამიტომ, იმიტაციის ფაქტს არ მალავდა. მისი ბროლი ისევე გამოიყურებოდა, როგორც ბრილიანტი. შესაბამისად, ის იმავე სოციალურ ფუნქციას ასრულებდა.
თუ ნამდვილი ბრილიანტი „თავად ირჩევდა“ ვისი თითი დაემშვენებინა, სვაროვსკის სამკაულებით თავის მოწონება, პრესტიჟის, ბრწყინვალებისა და არჩევის უფლების ილუზია უკვე საშუალო ფენის წარმომადგენლებსაც გაუჩნდათ.

მისი ფაბრიკა შეკვეთების მიღებას ვეღარ აუდიოდა. სვაროვსკის მოუწია შენობა გაეფართოვებინა და 200 მუშა დაექირავებინა. სწორედ მაშინ მიიღო მისმა ფირმამ სახელწოდება – Swarovski, რათა ბაზარზე გასული საქონელი არ ყოფილიყო ანონიმური.
წლების მანძილზე, დანიელმა თავის ვაჟიშვილებთან ერთად კრისტალების ჭრისა და გაპრიალების ტექნოლოგია სრულყოფილებამდე მიიყვანა. აღმოჩნდა, რომ მთელს მსოფლიოში, მხოლოდ მან იცოდა, როგორ მიეღო ბროლის ზებუნებრივი გამჭვირვალობა. მისი მთავარი კონკურენტები, ვენეციის ცნობილი ფაბრიკები გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდნენ. მისი პროდუქციის მსგავსი ნაწარმის დამზადება ვერავინ შეძლო. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ სვაროვსკის ძალა არა მხოლოდ მანქანებში, არამედ თავად მინის დამუშავების ფორმულაში იყო, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა.



თავისი სამკაულის ნიმუშები მან პარიზში და სანკტ-პეტერბურგში გააგზავნა. მოდის მოყვარულებმა ის აღფრთოვანებით მიიღეს. წლების განმავლობაში, სვაროვსკის ბიჟუტერია საღამოს კაბებსა და სასცენო კოსტიუმებში შეიტანეს – მარლენ დიტრიხმა, მაიკლ ჯექსონმა, ბრაიან ფერრიმ, ტინა ტერნერმა. ხოლო, შანელი, კრისტიან დიორი, ივ სენტ ლორანი დღესაც ალამაზებენ თავიანთ კაბებს სვაროვსკის თვლებით.


მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც მოდის სახლები გაკოტრდნენ, მოხერხებულმა სვაროვსკიმ, თავისი პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიტანა. 1945 წლის ოქტომბერში ის გამოვიდა როგორც ინიციატორი მინაზე, ოპტიკაზე, ფოლადსა და რკინაზე მომუშავეთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის „სამრეწველო-სავაჭრო სკოლაში“. პირველი მოწაფეები თავად მოამზადა. 1957 წელს, პროფესიული სკოლა დააარსა.

სვაროვსკის ფირმის ასორტიმენტი უფრო და უფრო მეტი ქვეყნების ბაზარს იპყრობდა. 1956 წელს, ფირმის დამმაარსებელი დანიელი გარდაიცვალა, მაგრამ მან ოჯახს აყვავებული ბიზნესი დაუტოვა. 20 წლის შემდეგ, მისმა მემკვიდრეებმა წარმოების ახალი ხაზი გახსნეს, სახელწოდებით – Silver Crystal.

1965 წელს, ფირმამ ძვირფასი და ამჟამად უკვე მთელს მსოფლიოში განთქმული ბროლის ჭაღების გამოშვება დაიწყო. სვაროვსკის ჭაღები ახლაც მსოფლიოში ცნობილ არაერთ დარბაზს ამშვენებს. 1976 წლიდან კი სვაროვსკის ცნობილი, ცხოველების ფორმის სამკაულების გამოშვება. 1995 წელს, სვაროვსკის 100 წლის იუბილეზე მისი სახელობის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი უშველებელ მიწისქვეშა გამოქვაბულს წარმოადგენს და ინსბურკში, ქალაქ ტიროლთან ახლოს მდებარეობს.

მუზეუმი შვიდი ოთახისაგან შემდგარ გამოქვაბულს წარმოადგენს. შესასვლელს გორაკზე გაკეთებული უზარმაზარი გოლიათი იცავს, რომლის პირიდან ჩანჩქერი გადმოედინება და განათების ფონზე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს ჩანჩქერიც სვაროვსკის თვლებითაა გაკეთებული. მიწისქვეშ მინის გვირაბი ჩადის. კედლებზე შექსპირის, ლორკის, გეტეს ის ცნობილი ფრაზებია ამოტვიფრული, სადაც ნახსენებია სიტყვა „ბროლი“.

მუზეუმში ასავე ინახება ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა ზომის კრისტალები, რომლებიც გინესების რეკორდების წიგნშია შესული. დიდი კრისტალი 310 000 კარატიანია (დაახლოებით 62 კგ-ს იწონის) და მისი დიამეტრი – 40 სანტიმეტრია. პატარა კრისტალის დანახვა კი მხოლოდ მიკროსკოპითაა შესაძლებელი. ის დიამეტრით 0, 8 მმ გახლავთ. აქვე ნახავთ სალვადორ დალის დამდნარ საათებს, რომლებიც ბროლისაგანაა დამზადებული.
ერთ-ერთ დარბაზში კი სამკუთხა სარკეები ისეთ ილუზიას ქმნიან, თითქოს კრისტალის შიგნით იმყოფები. იცვლება ფერთა პალიტრა და შეგრძნებები. გეჩვენება, თითქოს კედლებიდან წამოსული ხმები დაუსრულებელ აკორდს ქმნიან. ეს დანიელის სურვილი იყო. მას უნდოდა, რომ ბროლში მუსიკის ხმა ყოფილიყო – ბროლის მუსიკის…

ყოველ წელს, ეს ბრენდი დაახლოებით 20 მილიარდ კრისტალს უშვებს, რაც მსოფლიო ბაზრის 80%-ს შეადგენს. სამკაულების გარდა, ეს კრისტალები სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებსა და მანქანებსაც კი ამშვენებს. ბრენდი სვაროვსკი არ ღალატობს შემქმნელის ცხოვრებისეულ ლოზუნგს: – „მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ“.



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები