ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი - "12 წლისას წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მეკეთებინა ე.წ. ქმრის ოჯახში, რომელიც ნანახი არ მყავდა"
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი - "12 წლისას წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მეკეთებინა ე.წ. ქმრის ოჯახში, რომელიც ნანახი არ მყავდა"
"მესამე სამყარო" - ასე უწოდებს დასავლური საზოგადოება ავღანეთს, რომელიც წლებია, მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. "ბედნიერია ის, ვისაც გაუმართლებს და იმ ჯოჯოხეთიდან წამოსვლას შეძლებს, მნიშვნელობა არ აქვს, სად წახვალ, რადგან ავღანეთის ფონზე, ყველგან სამოთხეა", - ამბობენ ავღანელი ჟურნალისტები, რომლებმაც მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილის დატოვება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად შეძლეს...

მათ შორისაა ახალგაზრდა მეინა ქაუროსი, რომელიც ქაბულიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ამჟამად ლონდონში მცხოვრები ადგილობრივი ჟურნალისტის, ნაჯიბულა ქურაიშის დახმარებით, ავღანეთიდან გაიქცა. მისივე თქმით, ამით ის ან სიკვდილს გადაურჩა, ან დასახიჩრებას... მას ინტერნეტით დავუკავშირდით. 29 წლის მეინამ სამშობლოში გამოვლილ უმძიმეს პერიოდზე ჟურნალისთვის - "გზა", გულახდილად ისაუბრა...

- თავდაპირველად, ინგლისის ქალაქ ჩელსიში ჩამოვედით, სადაც სოციალური სააგენტოს თანამშრომლები ჩვენზე ზრუნავდნენ. უცნობი ადამიანების მზრუნველობა ჩემთვის იმდენად უცხო იყო, რომ კი არ მშველოდა, უფრო მეტად მაგდებდა დეპრესიაში. ხანდახან ძალიან პირადულ კითხვებსაც მისვამდნენ. ავღანელი ქალისთვის, ნებისმიერი სახის პირადი თემა, ოჯახის წევრთან, დედასთან ან დასთანაც კი დახურულია. იქ ქალის მთავარი ფუნქცია მორჩილება და მოთმინებაა... ამას ასწავლიან თითქმის ყველა ქალს, ბავშვობიდან და ამ პრინციპითვე ზრდიან. სამწუხაროდ, იმ მცირე გამონაკლის ოჯახში, სადაც გოგონა პიროვნებად ყალიბდება, მე ვერ მოვხვდი...

ოჯახში, ჩემ გარდა, კიდევ 8 დედმამიშვილი ვიყავით. სამი უფროსი და მყავს, სამივე 11-12 წლის ასაკში გაათხოვეს. მესამე, ჩემზე ორი წლით უფროსი იყო და დედასავით მივლიდა, ამიტომ მის გათხოვებასთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. ის ადგილობრივ მწყემსს, რომელიც სავარაუდოდ, მამაჩემზე 5 წლის უფროსი მაინც იქნებოდა, მეხუთე ცოლად გააყოლეს, უფრო სწორად - 30 სული ცხვრისა და რამდენიმე ტომარა ბურღულეულის ფასად მიჰყიდეს... შეწინააღმდეგებას, რა თქმა უნდა, ვერავინ გაბედავდა, მაგრამ მახსოვს, ქალებისა და გოგოების წრეში მოტრიალე ჩემი, ჯერ კიდევ ბავშვური აგებულების დის ტირილისგან დასივებული თვალები... დედა მას თავის ღირსეულად დაჭერას
სთხოვდა. ჩემს 12 წლის დას, რიქშას ნერვიულობისგან მუხლები ეკვეთებოდა, მაგრამ ჩემი მშობლები ამას ვერც ამჩნევდნენ. იმ კაცს, ჩემი დის ქმარს, ქაბულის გარეუბნებში რაღაც ფარდულები ჰქონდა, მუყაოს ქაღალდებისა და ფიცრებისგან ნაშენი, რომელსაც ავღანეთის პროვინციებიდან ჩამოსულებზე აქირავდება. ჩვენს ფონზე, ის შეძლებულად ითვლებოდა... ცოტა ხანში გაირკვა, რომ საშინელი ხასიათი ჰქონდა. ჩემი დის სხეულზე დამწვრობები შევნიშნე... დედას შევჩივლე, მან კი მითხრა, რომ მუსლიმი ქალისთვის ყველაფერზე მთავარი ოჯახის სიწმინდეა და რიქშა ქმრის ხასიათს უნდა შეეგუოსო... დედას არც ვამტყუნებ, ის ასე გაიზარდა და სხვანაირად ვერ წარმოედგინა. ჩემი დის მეტოქეები, ანუ იმ კაცის სხვა ცოლები მას არ ახარებდნენ, რადგან რიქშა მათ შორის ყველაზე ლამაზი, ახალგაზრდა იყო და პოტენციურ მეტოქედ აღიქვამდნენ...  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები