როგორ ვაქციოთ დილა სასიამოვნო და პოზიტიური დღის დასაწყისად?
როგორ  ვაქციოთ  დილა  სასიამოვნო  და  პოზიტიური  დღის  დასაწყისად?
“დილა კეთილი ვერ იქნება!” – ასე მიიჩნევს ყველა, ვისაც ადრე უწევს ადგომა, სწრაფად მომზადება და სამსახურში გაქცევა. საბედნიეროდ, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

“დილა კეთილი ვერ იქნება!” – ასე მიიჩნევს ყველა, ვისაც ადრე უწევს ადგომა, სწრაფად მომზადება და სამსახურში გაქცევა. საბედნიეროდ, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

ბედნიერი დილა – მხნე დილაა! როგორც ჩანს, ეს პირველი და ძირითადი წესია ახალი და წარმატებული დღის დასაწყებად. კარგ გუნებაზე გაღვიძება კი, მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა გამოიძინეთ და, გაღვიძებული, ძალების მოზღვავებასაც გრძნობთ. ამერიკის ძილის ნაციონალური ფონდის კვლევებით, იმისთვის, რომ თავი მხნედ იგრძნოთ, მინიმუმ 7-9 საათი მაინც უნდა იძინოთ. არსებობს მეცნიერულად დამტკიცებული თეორიაც – აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებით პროდუქტიული ძილი საღამოს 22:00 საათიდან ღამის 02:00 საათამდეა, რადგან სწორედ ამ პერიოდში შეიძლება ნერვული უჯრედების აღდგენა, ორგანიზმი კი, ძალითა და ენერგიით ივსება. დასაწყისისთვის განსაზღვრეთ თქვენთვის ოპტიმალური ძილის საათები, მერე კი, დაიცავით რეჟიმი. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ცდაზე დროულად ვერ მოახერხეთ დაიძინება ან გაიღვიძება, ნუ ჩაიქნევთ ხელს და მომდევნო დღეს ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყეთ.



ნუ დალევთ ყავას დილაობით

ბოლო დროის გამოკვლევებით მტკიცდება, რომ გაღვიძებიდან ერთ საათში ჩვენს ორგანიზმში ე.წ. სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის გამომუშავება ხდება. სწორედ ეს ჰორმონი გვაიძულებს გამოვემშვიდობოთ კომფორტულ ბალიშს და შევხვდეთ ახალ დღეს. დილის ყავა კი, ხელს უშლის გამოფხიზლების ბუნებრივ პროცესს. როგორც აღმოჩნდა, კოფეინი ბლოკავს კორტიზოლის გამოყოფას, რის გამოც ორგანიზმს უფრო მეტი დრო ჭირდება, რათა ძილის შემდეგ ისევ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. შედეგად, უფრო დიდხანს ვცდილობთ გამოფხიზლებას, ჩვენი განწყობა ნულზეა და ერთადერთი რაზეც ვფიქრობთ – ისევ ძილია! უმჯობესია ყავის დალევა სამსახურში მისვლამდე გადადოთ, ამასობაში კი, კორტიზოლი შეძლებს ჩვენი ორგანიზმის “გონზე მოყვანას” და დაგვეხმარება მთელი დღით მხნეობის შევინარჩუნებაში.



ისაუზმეთ სასარგებლო პროდუქტებით

არსებობს მთელი რიგი პროდუქტებისა, რომლებიც პოზიტიურად მოქმედებენ არა მარტო ადამიანის ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ და ემოციონალურ მდგომარეობაზეც. ასეთ პროდუქტებს შეიძლება მივაკუთვნოთ – თხილი, კვერცხი, შვრიის ფანტელი, ავოკადო, ნებისმიერი სუნელი (განსაკუთრებით ცხარე), ნატურალური რძის პროდუქტები და შავი შოკოლადი. საქმე იმაშია, რომ ამ პროდუქტებში მაღალია ერთ-ერთი “ემოციონალური” მიკროელემენტის – ომეგა-3-ის ჯგუფის მჟავების D ვიტამინის და ანტიოქსიდანტების შემცველობა. მაგალითად, შავი შოკოლადი მაღლა წევს სეროტონინის დონეს, ცხიმოვანი მჟავით მდიდარი ორაგული კი, ხელს უწყობს ემოციონალური მდგომარეობის სტაბილურობას. ასე რომ, ყოველ დილას “კეთილი” პროდუქტებით საუზმობა წარმატებული დღის მთავარი საწინდარია.



მიუძღვენით დილა საკუთარ თავს

დაიწყეთ ყოველი დილა სასიამოვნო რიტუალით – ნუ ეცდებით სწრაფად მოემზადოთ და გაიქცეთ სახლიდან, პირიქით, დილა იმ სასიამოვნო საქმეებით დაიწყეთ, რომელიც გაგიუმჯობესებთ განწყობას. მაგალითად, წაიკითხეთ რამდენიმე გვერდი საყვარელი წიგნიდან ან გაეცანით სიახლეებს საყვარელ საიტზე, მიმართეთ იოგას ვარჯიშებს ან მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას. ერთი სიტყვით, ეცადეთ ყოველი დილა არა “კაცობრიობის მარადიული პრობლემების” დაგაჭრას, არამედ მომენტით ტკბობას და დასვენებას დაუთმოთ. რამდენიმე სასიამოვნო დილის შემდეგ კი, აუცილებლად მოგინდებათ ჩვეულებრივზე ადრე გაღვიძება, რადგან
დილა თქვენთვის არა პრობლემებთან და ცუდ განწყობასთან, არამედ საყვარელ და სასიამოვნო საქმესთან იქნება ასოცირებული.



იძინეთ ლამაზ და მოდურ პიჟამაში

ახალგაღვიძებული ნუ დაიწყებთ სწრაფად გამოცვლას, საოფისედ გამოწყობას ყოველთვის მოასწრებთ, მანამდე კი, საყვარელი პიჟამათი დატკბით, რადგან როგორც გამოკვლევები ადასტურებენ, სახლის ტანსაცმელი ისეთივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ქცევაში, როგორც გარეგნობის განმსაზღვრელი სხვა ატრიბუტები. დილას თქვენი გამოუძინებელ და ნაკლებად სიმპათიური ორეულის დანახვა სარკეში, თან ძველ და გახუნებულ მაისურსა და შორტებში, აუცილებლად მთელი დღით გაგიფუჭებთ განწყობას. თქვენი ამოცანაა მოძებნოთ ისეთი პიჟამა, რომელიც არა მარტო ძილის დროს იქნება კომფორტული, არამედ სარკეში ჩახედვისასაც გაგახარებთ.



დაიწყეთ დღე სუნთქვის ვარჯიშებით

დაჯექით საწოლის კიდეზე. ნელა და ღრმად ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით, თან წარმოიდგინეთ როგორ ივსება თქვენი ორგანიზმი ჟანგბადით. იგივე ვარჯიში გაიმეორეთ მკერდზე ხელბის დადებით, რათა იგრძნოთ ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს როგორ ფართოვდება, შემდეგ კი, ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება გულმკერდის კუნთების სისტემა. ამგვარი ვარჯიშები დილას, ხელს უწყობს ორგანიზმის ჟანგბადით შევსებას და ძილისგან გამოფხიზლებას, იგივე ვარჯიშების დღის მეორე ნახევარში ჩატარება კი, მოდუნებასა და სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები