რატომ დააჯარიმა ევროკომისიამ Facebook 110 მილიონით?
რატომ დააჯარიმა ევროკომისიამ Facebook 110 მილიონით?
მონოპოლიის წინააღმდეგ მოქმედი მარეგულირებლებისთვის მცდარი ინფორმაციის განზრახ მიწოდების გამო, ევროკომისიამ Facebook 110 მილიონი ევროთი დააჯარიმა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკომისიამ 2014 წლის საქმეზე მიიღო, როდესაც Facebook-ის მიერ WhatsApp -ის შეძენის საკითხი განიხილებოდა.

“დღევანდელი გადაწყვეტილება ყველა კომპანიისთვის იქნება ნათელი მესიჯი იმისა, რომ მათ პირნათლად უნდა დაიცვან წესები და იკისრონ სწორი ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება”- აღნიშნა ევროკომისარმა კონკურენციის პოლიტიკის საკითხებში, მარგარეტ ვესტაგერმა.

WhatsApp-To-Merge-With-Facebook-Messengerევროკომისიის განცხადებით, ცუკერბერგის კომპანიას Facebook-ისა და WhatsApp-ის მომხმარებლების ანგარიშების ერთმანეთთან ავტომატური დაკავშირება არ უნდა შეძლებოდა, თუმცა 2016 წელს WhatsApp-მა საკუთარი მომსახურების პირობებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლების შესახებ განაცხადა. ეს კი ქმნიდა იმის შესაძლებლობას, რომ WhatsApp-ის მომხმარებელი Facebook-ის საკუთარ ანგარიშს WhatsApp-ში რეგისტრირებული მობილურის ნომრით ავტომატურად დაკავშირებოდა.

“კომისიასთან ურთიერთობის პირველივე დღიდან ჩვენ კეთილსინდისიერად ვმოქმედებდით და ყოველთვის ვცდილობდით, მისთვის ზუსტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა. შეცდომა, რომელიც 2014 წლის დოკუმენტებში დავუშვით, არ იყო წინასწარ განზრახული. კომისიამ მაშინ დაადასტურა, რომ აღნიშნული შეცდომა Facebook-ისა
და WhatsApp-ის გაერთიანების განხილვის შედეგზე გავლენას არ მოახდენდა”- განმარტა კომპანია Facebook-ის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, კომპანიების მესვეურების განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი მათ მომსახურებას გააუმჯობესებდა და Facebook-სა და WhatsApp-ში გაწევრიანებული ადამიანებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფდა. Facebook-ში განმარტავდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ შეთავაზება იყო და კომპანიები მომხმარებელს საშუალებას აძლევდნენ, თავად აერჩიათ, მიეწოდებინათ თუ არა Facebook-ისთვის WhatsApp-ში არსებული საკუთარი მონაცემები. ისინი, ასევე, აცხადებდნენ იმასაც, რომ Facebook-ს WhatsApp-ში დარეგისტრირებული ადამიანის მხოლოდ მობილურის ნომრის გაგება შეეძლო, ხოლო გაგზავნილი ან მიღებული შეტყობინებები კვლავ კონფიდენციალური რჩებოდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიების მიერ გადადგმული ახალი ნაბიჯის მთავარი პრინციპი სწორედ ის გახლდათ, რომ, მომხმარებლების სურვილის გარეშე, ანგარიშების ერთმანეთთან ავტომატური დაკავშირება შესაძლებელი არ უნდა ყოფილიყო. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ერთ-ერთი შემთხვევისას, გერმანიის ქალაქ ჰამბურგის მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების კომისარმა მოუწოდა კიდეც Facebook-ს, შეეწყვიტა WhatsApp-ში რეგისტრირებული გერმანელი მომხმარებლების მონაცემების შეგროვება. კომისარის განცხადებით, Facebook-ს WhatsApp-ის 35 მილიონი გერმანელი მომხმარებლისგან მონაცემების გაზიარებაზე თანხმობა არ მიუღია.

„Facebook-ის მიერ WhatsApp-ის შეძენისას ორივე მხარემ განაცხადა, რომ მომხმარებლების მონაცემებს ერთმანეთს არ გაუზიარებდნენ“, – განმარტავდა გერმანელი კომისარი.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები