"დარეკა სახლის ტელეფონმა, მივედი, ავიღე..."
"დარეკა სახლის ტელეფონმა, მივედი, ავიღე..."
სახლის ტელეფონმა დარეკა.
საერთოთ, მე გადავეჩვიე სახლის ტელეფონს, ის თვეში ერთხელ რეკავს, როცა უნდა მითხრას, რომ გაითიშება მე თუ მას ფულადი ერთეულის გარკვეულ რაოდენობას არ ჩავასხამ. მეც ვასხამ, მართალია აღარაფერში მჭირდება სახლის ტელეფონი, მაგრამ ძველი ნომერია, ძალიან ძველი, და მე ბევრი ტკბილი მოგონება მაქვს მასთან დაკავშირებით, ამიტომ მას ვინახავ ძველი ფლოსტებივით, რომელსაც უკვე არ ვხმარობ, მაგრამ გადაგდება მენანება... და ა.შ.
დარეკა სახლის ტელეფონმა, მივედი, ავიღე, ძალიან მნიშვნელოვნად ვთქვი: "ალოუ, მე თქვენ გისმენთ, ილაპარაკეთ",
პასუხად ავტომატი მკვდარი ხმით მპასუხობს:
-ქალბატონო ნათია, გაცნობებთ, რომ "საქართველოს ბანკის" ანგარიშზე თქვენს სახელზე ირიცხება დავალიანება 85 ლარი, გთხოვთ დაფაროთ, თორემ...
იმის გამო, რომ მიუხედავად დღევანდელი მრავალფეროვანი თარიღისა, მე ჯერჯერობით ქალბატონი ნათია არა ვარ, ვნახე "საქართველოს ბანკის" ცხელი ხაზი და მოვახსენე, რომ ამ ნომერზე არავითარ ქალბატონ ნათიას არასდროს არ გაუხახუნებია და ალბათ, უკვე ჩემი ასაკიდან გამომდინარე, არც გაიხახუნებს.
"საქართველოს ბანკის" ოპერატორმა სიცოცხლის სავსე ხმით მახარა, რომ ეს არ არის პრობლემა. რომ ასეთი პრობლემები მათ სისტემაში უმალ წყდება, ამისთვის საჭირო არის მხოლოდ...
-მხოლოდ სისტემაში
შეყვანა, რომ ნომერი შეცდომით არის, არა?-გამიხარდა მე
-როგორ მოგმართოთ?..ბატონო აბო, ტელეფონით სისტემის დარეგულირება ვერ მოხდება. თქვენ მხოლოდ უნდა მიბრძანდეთ "სილქნეტში", აიღოთ ცნობა, რომ ეს ნომერი თქვენ სახელზეა, მერე ამ ცნობით "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ფილიალში შებრძანდებით და პრობლემა უმალ გადაწყდება.
-ეს როგორ, ტო?-გამიკვირდა-ვიღას ჩათლახოევამ ჩემი ნომერი მიუთითა, და მე ახლა ამდენი უნდა ვირბინო? ისედაც ორი პარასკევი მაქვს დარჩენილი, ამაზე ვხარჯო დრო?
-ჰიჰიჰი-მპასუხობს ოპერატორი-რას ბრძანებთ ბატონო აბო, თქვენ ორიც და სამი პარასკევის გექნებათ დარჩენილი, ხმის ტემბრი გაქვთ ისეთი ჯანსაღი, ალბათ უვლით საკუთარ თავს და დილაობითაც დარბიხართ.
-არსად არ დავრბივარ-ჩავიღრინე მე-რადგან დიდი ხანია მივხვდი, საკუთარ თავს ვერ გავექცევი.
-ჰიჰიჰი
-კარგი, და თუ ეს ყველაფერი არ გავაკეთე, რა მოხდება?
-დიდი არაფერი, უბრალოდ ტელეფონი ზოგჯერ დარეკავს და ტექსტი გამეორდება.
-რამდენი ხანი უნდა რეკოს ტელეფონმა?
-დღეს რა რიცხვია?..17 მაისი?.. 20 მაისამდე დარეკავს. 2030 წლის 20 მაისამდე.
-მაშინ თქვენი "საქართველოს ბანკის" დედა ვნახე ლუციუსთან ჩახუტებული-ვთქვი და გავუთიშე ყურმილი.
კი ვიფიქრე, ლუციუსის ვინაობა არ ეცოდინება მეთქი, როგორც ალბათ ბევრ მისი თაობის ოპერატორს, მაგრამ ეს უკვე დეტალებია.
და აქ ისევ დარეკა სახლის ტელეფონმა.
(ციკლიდან "მადლობა ლაიქისთვის")





FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები