უმრავლესობას უყვარდა ღმერთი, ლოცულობდა, იდგა ქუჩაში...სახლში მისვლისთანავე ყურებს იხშობდა...ქალის ყვირილს, ბავშის ტირილსა და კაცის გინებას მისი სულიერი სიმყუდროვე არ დაერღვია."
უმრავლესობას უყვარდა ღმერთი, ლოცულობდა, იდგა ქუჩაში...სახლში მისვლისთანავე ყურებს იხშობდა...ქალის ყვირილს, ბავშის ტირილსა და კაცის გინებას მისი სულიერი სიმყუდროვე არ დაერღვია."
ჩემს ქვეყანაში კაცები ხოცავენ ქალებს. ჩემს ქვეყანაში ბავშვები იკლავენ თავებს. ერი კი ეკლესიის მოწოდების გარეშე, ადგილიდან ფეხს არ იცვლის. ეკლესიის ხსენებას ამ ბლოგპოსტში მეტჯერ აღარ ვაპირებ, რადგან ამ შემთხვევაში, მისი წილი პასუხისმგებლობის შესახებ საუბარზე მნიშვნელოვანი, საზოგადოების არასწორი დამოკიდებულების გააზრება მგონია.

ეს ბლოგპოსტი იმ ქვეყანაში იწერება, რომელსაც ერთ წელში 26 ქალი მოუკლეს, მაგრამ ცალკეული ჯგუფების დაუღალავი შრომის მიუხედავად, უმრავლესობამ ქალთა უფლებების დასაცავად, ქუჩაში ფეხის გამოდგმის საჭიროება ვერ დაინახა – სახლში დარჩა და დაელოდა დღევანდელ დღეს, 17 მაისს, რათა ქვეყნისადმი საკუთარი სიყვარულის, ვაჟკაცობის და პატრიოტიზმის დემონსტრირება, 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ აღიარებით მოეხდინა. არადა, რეალურად, ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია, სავარაუდოა, რომ მამაკაცების უმრავლესობის ვაჟკაცობა და ადამიანობა სამი ზომით დიდი შარვლის ჩაცმაში ამოიწურება, ქალებისა კი – ვაჟკაცობის სიმბოლოდ ქცეული შარვლების მორჩილად რეცხვაში.

სწორედ ამის გამო, წლების შემდეგ, როცა ჩემი შვილი მკითხავს, როგორი იყო ეს ქვეყანა 2016-ში, ვუპასუხებ, რომ სასაცილო. მიზეზსაც ნათლად განვუმარტავ და ვეტყვი, რომ ერი, რომელიც 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დასაცავად, მზად იყო ქუჩაში მდგარიყო, მთელი წლის მანძილზე ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ, ჩქამს არ იღებდა, რადგან სავარაუდოა, რომ მისთვის ძალადობა ოჯახის სიწმინდის დაცვის იდეას სულაც არ ეწინააღმდეგებოდა.

ძნელია, ამ თემაზე საუბრისას, მავანის რელიგიური გრძნობები ხელშეუხებელი დატოვო, რადგან ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ გრძნობების ნაკარნახევია დღევანდელი რეალობა, რომელიც ჩემთვის გაუგებარ სიყვარულსა და სიკეთეს ეფუძნება.

დღეს ოჯახის სიწმინდის დაცვის მსურველებმა რუსთაველის გამზრირი დაიკავეს, წინა წლების მსგავსად. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია და საპატრიარქოს მოქალაქეთა ყველაზე მაღალი ნდობა აქვს, ჩემთვის ეს ხალხმრავლობა სავსებით ბუნებრივი იყო, მაგრამ სხვა რამ მაშფოთებს – საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კაცთმოყვარეობასაც იჩემებს, მაგრამ ჩემთვის ეს თვალშისაცემი არასოდეს ყოფილა,
რადგან, თუნდაც მაშინ, როცა ქალებზე ძალადობას მავანნი ქუჩაში დგომით ვაპროტესტებდით, უმრავლესობა მრავლისმეტყველად დუმდა.

ამ უმრავლეობაში ის ჯგუფიც ერთიანდება, რომელიც ქალებზე ძალადობას, როგორც სოციალურ პრობლემას არ აღიარებს და შესაბამისად, ვერც მის წინააღმდეგ გაერთიანების საჭიროებას ხედავს. შედეგად, ამ ქვეყანაში ყველასთვის ძალადობრივ გარემოში ცხოვრების განაჩენია გამოტანილი და რაც მთავარია, ჩაგვრისა და ზეწოლის ნორმად ჩამოყალიბების შეჩერების პროცესი კვლავ უმცირესობის იმედად რჩება.

ამ რეალობასთან შეგუება ჩემთვის საზოგადოების მზაობის გამოხატულებაა, ჰყავდეს მსხვერპლები. აი, ამ მოცემულობის ფონზე, მე იმ ათამდე ახალგაზრდასაც, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ჩვენ მიერ შექმნილი რეალობის მსხვერპლებად მივიჩნევ და ვიცი, რომ სანამ უმრავლესობა ძალადობის წინააღმდეგ უმოქმედოა, ადამიანები ყოველთვის გააკეთებენ არჩევანს სიკვდილის სასარგებლოდ.

ასეთ სავალალო რეალობაში, მშვიდად და მდუმარედ მყოფ ადამიანებს კი ადრე თუ გვიან, საკუთარი ქცევის გასამართლებლად ხმის ამოღება უთუოდ მოუწევთ, რადგან მომავალი თაობა აუცილებლად იკითხავს, თუ რას აკეთებდნენ ისინი 2014-ში, 2015-ში, 2016-ში, როცა ხოცავდნენ ქალებს, ბავშვები კი თავებს იკლავდნენ. და თუ ერთ-ერთი მოპასუხე ჩემნაირი იქნება, აუხსნის, რომ უმრავლესობას უყვარდა ღმერთი, ლოცულობდა, იდგა ქუჩაში და ცდილობდა შინ მადლით აღსავსე დაბრუნებულიყო, თუმცა სახლში მისვლისთანავე ყურებს იხშობდა, რათა მეზობელი სახლიდან გამოსულ ქალის ყვირილს, ბავშის ტირილსა და კაცის გინებას მისი სულიერი სიმყუდროვე არ დაერღვია.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
loading...
მთვლელები