"გამექცა...დიდძუძუებიან ქალთან წავიდა"
"გამექცა...დიდძუძუებიან ქალთან წავიდა"
დაახლოებით ერთი თვეა არაფერს ვწერ, არაფერს ვფიქრობ და ისეთივე უმოქმედო ვარ, როგორც შენ, ამის მკითხველი მთელი ცხოვრების განმავლობაში. დღეს პირველად ვწერ უმუზოდ. უმუზოდ იმიტომ, რომ გამექცა. გამექცა რა, დიდძუძუებიან ქალთან წავიდა. მაინც გაქცევა ქვია ამ ფაქტს.

ჩემი მუზა, ისევე როგორც ყველა მამაკაცი, გიჟდება ძუძუებზე (აქ შემეძლო სიტყვა მკერდის გამოყენება, მაგრამ ის ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მკერდი სხვაა, ძუძუ სხვა და მას ეს უკანასკნელი უფრო იზიდავს, რადგან მასში არსზე მეტად ზომაზეა ხაზი გასმული). მამაკაცი-მეთქი, აღვნიშნე. ჰო, ის მამრობითი სქესის წარმომადგენელია, რატომღაც ასე გამოვიდა. ამას იმით ხსნის, რომ ქალის გაფანტულ აზრებს მხოლოდ მამაკაცი შეკრებს, მაგრამ ჩვენ ორს შორის ის უფროა გაფანტული, განსაკუთრებით საპირისპირო სქესში. არ გეგონოთ მე ან ის უჩიოდეს ჩემი მკერდის ზომას, მაგრამ მოგეხსენებათ 13 წელი ერთიდაიმავეს ჩემმა მტერმა უყურა, მუზამ კი ვერა და იწყო გარე-გარე სიარული. მუზა კიდევ ბევრ რამეს ამბობს და ყოველთვის საპირისპიროს აკეთებს – ქალში ყველაზე მეტად გონება მიზიდავსო, მაგრამ ისეთი ძუძუების დანახვისას, რასაც თვითონ სანეტაროს ეძახის, ზემოთ ხსენებული ერევა და ფინიასავით მორჩილი ხდება მეორედ ხსენებულის მფლობელისთვის.

პირველად რომ შემომისახლდა, 9 წლის ვიყავი. მეუცხოვა, გავუძალიანდი, მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა და ზაფხულის ცხელ საღამოს, გაოფლილს, ზამთარზე, მარტოობაზე, ძვლებში რომ ატანს, ე, იმნაირ ქარზე ლექსი დამაწერინა. მაშინვე მივხვდი, რომ ვერ იყო ჩემი საქმე კარგად, მაგრამ ჩათრევას ჩაყევიო და მეც ავყევი. ათას თემას მივედ-მოვედეთ, პროზაც ვცადეთ, პოეზიაც. ხალხშიც გამოვედით ერთად, რომლის რიგებშიც, რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები და მეგობრები აღმოჩნდნენ. ჩემი ნაბოდიალები ისე მოეწონათ, ყველას რაღაცის რჩევის სურვილი გაუჩნდა, ჰოდა, მეც ავდექი და მათი სურვილის გასაქრობად ლექსებს გავუჩინე ცეცხლი. მაშინ პირველად წავიდა ჩემგან, აღარ დავბრუნდებიო, იმის იქით წასულხარ-მეთქი. ისედაც იმის იქიდან მოვდივარ შენთან ხოლმეო.

მოკლედ, წავიდა და გრძლად დაბრუნდა. თეთრი ლექსები ვცადეთ. ოღონდ შევთანხმდით, რომ ჩვენს ერთობლივ შემოქმედებას აღარავის წავაკითხებდით. რამდენიმე თვე გავძელით, მერე დაიჟინა, ერთ-ორ მეგობარს მაინც ვანახოთო. ვანახეთ. იმათაც მოეწონათ, სხვებსაც ვანახოთო. ავდექი და მეორედ შევუძახე ფურცლები ცეცხლში.

ცოტა ხანს სხვებთან აყოლებდა გულს, მერე მომიბრუნდა და ფერადი მოთხრობები ვცადეთ. შევთანხმდით, რომ ამას არ დავწერდით, უბრალოდ მოვყვებოდით. მოვყევით, მოეწონათ, კიდევ მოვყევით, კიდევ მოეწონათ. მერე, სიტყვებს ცეცხლს ვერ წავუკიდებდი და გავჩუმდი, ის წავიდა.

უკანასკნელად რომ დაბრუნდა, დავიღალე წასვლითო. კარგი აღარ წახვიდე-მეთქი. წამოვწექით და რამდენიმე თვე ვეძებდით ფერს, რომლითაც უნდა გვეწერა, ვიპოვეთ – შავი. მოდურია, სოლიდური, თან ახდუნებს, ის კი ისე ხშირად აღნიშნავს ჩემს ზედმეტ კილოგრამებს… და ყოველთვის ავიწყდება სიტყვა რამდენიმე. მერე ვეძებდით სტილს და მივადექით იუმორს, რომელიც ყველაზე გარყვნილი და ამავე დროს ყველაზე უბიწო გვეჩვენა. მივდექით და ვწერეთ.

მან თქვა, რომ თავად უნდა ელაპ
არაკა, მე კი ეს ყველაფერი ჩამეწერა. არ ვეთანხმებოდი და ყოველი ეს უთანხმოება მთავრდებოდა სიტყვებით – „თუ ჩემთან არ მოგწონს, წადი შენს სამუზეთში და გამოძახებით იმუშავე“, „წავალ და ვნახავ ერთი რასაც დაწერ“, იმის მიხედვით, თუ რომელი ამთავრებდა.

ყოველ ღამე, როცა ვათავებდით (წერას) გვერდიგვერდ ვიძინებდით და მთელი ღამე არ ვასვენებთ ერთმანეთს, ხან ის შემომიჩნდებოდა, ხან მე შევუჩნდებოდი, ვწერდით და ვწერდით, მხოლოდ გონებაში და რადგან დილით აღარაფერი გვახსოვდა, იმ გენიალურ ნაშრომებს კაცობრიობა ვერ გაცნობია, რითაც, ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ამ უკანასკნელს არც არაფერი დაკლებია.

შენ იტყვი, იტყვი თუ არა გაიფიქრებ მაინც, რომ ამის წაკითხვაში დრო ტყუილად დახარჯე. მე დაგეთანხმები და თავს გავიმართლებ იმით, რომ თავიდანვე აღვნიშნე ჩემი და მუზის განშორების ამბავი, განშორების რა, გაქცევის, ისიც დიდძუძუებიან ქალთან და ეჭვი მაქვს, რომ მაინცდამაინც წერისთვის არ უნდა იყენებდნენ ერთმანეთს. ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ ოთხივეს – ჩემს მუზას, მის ახალ ქალს და ამ უკანასკნელის (მართლაც რომ უკანასკნელის) ძუძუებს….

სანამ ამას ვწერდი, გავიხედე და კართან ატუზული დავინახე:

– მივხვდი, რომ ქალში ძუძუებზე მეტად გონება მიზიდავს, შენ კი ერთადერთი ხარ, ვისი გონებასაც დიდად ვერაფრით დაიკვეხნის, ჩემი გენიალურობის გადმოცემა კი ბოლომდე შეუძლიაო.

არა, სულ ასეა – შემოვა, რაღაცას ბოდიშის მსგავს სისულელეს იტყვის და თავი ქუდში აქვს, მერე მომიცუცქდება და მომავალ განშორებამდე მოსვენებას არ მაძლევს – მაწერინებს და მაწერინებს.

ახლა შემპირდა, რომ ყველა იმ სტატიის დაწერაშიც დამეხმარება, ჭირივით რომ მეზარება(ამ ჭირზე გაეცინა, ჩვენ ორის ერთობაზე მეტი ჭირი რა გინახავსო?).

ვწუხვარ, რომ ის მხოლოდ მუზაა.

მიხარია, რომ მცირე განშორებების შემდეგ სამუზეთიდან მხოლოდ ჩემთვის ბრუნდება.

დავრწმუნდი, რომ დიდი ძუძუები, სანეტაროა ის თუ არა, არც ისე უკონკურენტო რამ ყოფილა.

ბოდიში, მაგრამ ახლა ვიძინებთ და ფარდა უნდა გადავწიო.

ჭრრ

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები