“რა საჭიროა ძროხა, როცა რძის მოპოვება ამის გარეშეც შეიძლება?...ძალიან მომწონს ჩემთვის სასურველ კაცებთან სექსი"
“რა საჭიროა ძროხა, როცა რძის მოპოვება ამის გარეშეც შეიძლება?...ძალიან მომწონს ჩემთვის სასურველ კაცებთან სექსი"
მომწონს, ჩემთვის სასურველ კაცებს რომ ვიზიდავ. არის რაღაც უკიდურესად დამაინტრიგებელი იმაში, როდესაც ადამიანები ერთმანეთს სექსის გამო ხვდებიან. ალბათ, ამ დროს შეგიძლია ურთიერთობაში დატოვო მხოლოდ სასიამოვნო და სხვა ყველაფერი გააქრო. ზრუნვა, ურთიერთგაგება, მოვალეობები არ არსებობს, არის მხოლოდ ხანმოკლე, მწველი, სიამოვნების მომასწავებელი სურვილი და ამ სურვილის ასრულებისკენ სწრაფვა.

ახლა მიღებულია, რომ ყველაფერს იკვლევენ. ისიც კი დაადგინეს, რომ საქართველოში ერთზე მეტი პარტნიორი ახალგაზრდა ქალების მხოლოდ 1%-ს ჰყოლია. ყოველ შემთხვევაში, ქალები ასე ამბობენ.

კარგი იქნებოდა, ამ გამოკითხვაში ჩემი მონაცემებიც რომ შეეტანათ. ერთზე მეტი კაცი ნამდვილად მყოლია, პოლიგამიც ვარ, მაგრამ, ალბათ ამ ერთპროცენტიან მაჩვენებელს დიდით ვერაფრით შევცვლიდი.

ძალიან, ძალიან მომწონს ჩემთვის სასურველ კაცებთან სექსი. კი, მხოლოდ სექსი, ყველაფერი ზედმეტის გარეშე. სერიოზულ ურთიერთობებს კოშმარივით გავურბივარ – რა საჭიროა ძროხა, როცა რძის მოპოვება ამის გარეშეც შეიძლება?

ჩემთვის სასურველი კაცები ვახსენე. რა თქმა უნდა, მათ მიმართ საკმაოდ ძლიერ სექსუალურ ლტოლვას უნდა განვიცდიდე, საშუალო და ისე რა მიზიდულობის გამო თავის შეწუხება არ მინდა. თუმცა, ჩემი მოხიბვლა ძნელი სულაც არ არის – მთავარია, პარტნიორისგანაც ვიგრძნო ეს ძლიერი მიზიდულობა.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვანი სექსუალური ურთიერთობებისთვის ყოველთვის მზად ვარ, ბოლო რამდენიმე თვეა, არავის შევხვედრივარ. არა, ასკეტურად ცხოვრება არ გადამიწყვეტია და არც საკუთარი თავის გამოცდა-წამებით ვარ დაკავებული. უბრალოდ, საქმე ჩემს პოტენციურ პარტნიორებშია.

არ ვიცი, ჩემი წარსული პარტნიორების რაოდენობა ბევრია თუ ცოტა (ეს მონაცემი ყოველთვის შედარებითია), მაგრამ ამ ბოლო დროს, სექსზე გული მათ გამო ამიცრუვდა.

რის გამო შეიძლება სექსზე უარი თქვას ძალიან ტემპერამენტიანმა, საკმაოდ მომხიბვლელმა და უსაზღვროდ უკომპლექსო ახალგაზრდა ქალმა?

ვიცი, შეიძლება ამის ათი ათასი ვარიანტი დამისახელონ, მაგრამ ყველა მცდარი. არ მეშინია არც საზოგადოებაში ჩემი იმიჯის შელახვის, არც გათხოვებისთვის ვემზადები, არც მშობლები მომკლავენ, არც სიტყვა „ბოზის“ გაგონებაზე მაკანკალებს, არც, არც, არც, არც.

მე მზად ვარ ხანმოკლე, სიამოვნებით აღსავსე თავგადასავლებისთვის, თუმცა როდესაც მზერაამღვრეული მამრის დანახვაზე ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი დამივლის, გონება უცებ წინარე ურთიერთობების ძალიან პროზაულ, გულისამრევ გამოცდილებებს მახსენებს და ჩემი მხურვალებაც ყინულის სუსხით იცვლება. ფლირტის, გაკეკლუცების, სიხალისის ყველა ნიშანი უკვალოდ ქრება და მხოლოდ გულისამრევი, ლორწოიანი შეგრძნებების ამარა ვრჩები.

იტალიაშიც მიცხოვრია, საფრანგეთშიც, შვედეთშიც და ამერიკაშიც, მაგრამ ჩემი პარტნიორების მიმართ ამგვარი გადაულახავი ზიზღი არასოდეს მიგრძვნია. ყოფილა ხანმოკლე, მხურვალე ურთიერთობები, სიამოვნების ზღვა, ნეტარება, თავდავიწყება – უკიდურესი სიამოვნება და სხვა არაფერი. უცხოელ კაცებთან ურთიერთობისას, ერთადერთი დისკომფორტი ის ყოფილა, რომ ხან მე ვცივდებოდი პირველი და ურთიერთობის დამთავრებას ვასწრებდი, ხანაც – ისინი. იმის გათვალისწინებით, რომ რაღაც დრამატული ემოციური ურთიერთობა არავისთან მქონია, ეს განშორებები მაინც უმტკივნეულოდ ხდებოდა.

ბუნებრივია, რომ საქართველოში ჩამოსული, აქაც მსგავს ურთიერთობებს ველოდი, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

ქართველ კაცებზე ჩემი გულაცრუების მიზეზი მათი უკიდეგანო მორალისტობაა. ეს არის ის, რასაც საშინლად ვერ ვიტან და რამაც ლამის ყველაზე კეთილგონიერი მონაზვნის ცხოვრება მაიძულა.

ძალიან არ მიყვარს რაღაცის განზოგადება და კატეგორიზება, მაგრამ ეს ის საკითხია, რომელმაც ჩემი
ამჟამინდელი ცხოვრების წესი განსაზღვრა. სექსის შემდეგ, ქართველი კაცი თავს მოვალედ თვლის, დაგარიგოს ან გკითხოს: „ძმა გყავს?“ „მამაშენი რას ამბობს იმაზე, ასე თავისუფლად რო მოძრაობ?“, „განათხოვარი ხარ ხო?“, „ჩემი და რო იყო, სახლში ასე გვიან მისულს ძაან გაგიტრაკებდი“, „აუ, ისე მაგრად მევასე, ჩემზე წინ სხვები რო არ გყოლოდა, ცვეტში დაგითრევდი“ და ასე დაუსრულებლად…

თავდაპირველად, სულ ადრე, ამ ფრაზებს ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ თანდათანობით, ისინი ჩემთვის ყელზე შემოგრაგნილ მახრჩობელა გველებად იქცა. როდესაც ასე ღიზიანდები, ბუნებრივია, რომ აღარც სექსის ხასიათზე ხარ და აღარც სიამოვნების მიღების უნარი შეგრჩენია. წარმომიდგენია, როგორ მორალურ გაკვეთილებს უტარებენ „ჩვენიანები“ იმ ქალებს, რომლებთან სექსსაც ფულზე ყიდულობენ…

მორალისტობა არც მე რომ არ გამომივიდეს, აქ გავჩერდები. წავალ, ბერგამოტის არომატიან ჩაის შევიძენ და ამ საღამოს პლედმოხვეული რომელიმე სერიალს ჩავუჯდები… რაზე ვიფიქრებ? – ალბათ იმაზე, რომ ჩემი გონება და სხეული ტიბეტელი ბერისას ჰგავს, და რომ თუ ამ მდგომარეობის შეცვლას დავაპირებ, კვლავ საქართველოდან უნდა წავიდე, – თუნდაც სუსხიან ევროპაში…

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები