ქართველი დედა, რომელიც შვილის სასაფლაოზე ცხოვრობს
ზუგდიდში, მაცხოვრის კარის სასაფლაოზე, 63 წლის დოდო ჯოხაძე, გარდაცვლილი შვილის დავით (ჯაჯა) ჯანჯღავას სასაფლაოზე შვიდი წელია ცხოვრობს. დათო 2009 წელს ტრაგიკულად, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
შვილმკვდარ დედას გადაწყვეტილი ჰქონდა ერთადერთი ვაჟი სახლში დაეკრძალა, მაგრამ მოხდა პირიქით, თავად გადავიდა საცხოვრებლად შვილის სასაფლაოზე და იქ დასახლდა. შვილმკვდარი და განსაცდელში არ მიატოვა დამ როზა ჯოხაძემ და ახლა ორივე სასაფლაოზე ცხოვრობს. სანამ სასაფლაოზე თავშესაფარს აიშენებდნენ, დები ღია ცის ქვეშ ათენებდნენ ღამეებს. გაჩნდა ოთახი, სადაც ყველაფერს თავისი კუთხე და ადგილი აქვს. ამ «ყვალაფერში» დათოსა და მისი მეგობრების ფოტოებთან, დედის შვილისადმი მიძღვნილ ლექსთან ერთად გაჩნდა საძინებელი, სამზარეულო, მაგიდით, სკამებით, მაცივარით, გაზქურით, დაცული რკინის კარადით. ზამთარში ოთახი ღუმელით თბება. ტელევიზორს მხოლოდ 10 დეკემბერს, დათოს დაბადების დღეზე, რთავენ. ამ დროს, დათოს მეგობრები იკრიბებიან აქ და ბევრს საუბრობენ მის ხასიათზე, თვისებებზე. ქალბატონი დოდო სადილსაც აქვე ამზადებს, მაგრამ საბანაოდ და თავის მოსაწესრიგებლად, როგორც გვითხრა, იქვე ახლოს მცხოვრებ ძმასთან მიდის სახლში და სწრაფადვე ბრუნდება უკან. შვილმკვდარი დედის დილა ვაჟთან მისალმებით იწყება - ეფერება
მის სურათს, კოცნის, სანთლებს უნთებს, კითხულობს დედის ლოცვებს. შემდეგ ყავას ხარშავს და შვილთან სვამს.

"დათოს გარდაცვალების ამბავი, როცა შევიტყვე, რამდენჯერმე ვცადე თავის მოკვლა, მაგრამ ვერ შევძელი. მინდოდა, მეც მასთან ერთად ვყოფილიყავი, მოსვენება დავკარგე, ადგილს ვერ ვპოულობდი, ცოცხალი მოჩვენება ვიყავი. დათოს მეგობრები და ოჯახის წევრები მუდამ გვერდში მედგნენ, მამხნევებდნენ,- მეუბნებოდნენ, თავს თუ მოვიკლავდი, ჩემს შვილს ვერ ვნახავდი. დათოსაც უკვირს, ალბათ, ამდენი ხანი, მის გარეშე, როგორ ვცხოვრობ. ყოველთვის ვამბობდი, სადაც ჩემი შვილი იქნებოდა, მეც იქ ვიქნებოდი. დღეს, ჩემი შვილი აქ განისვენებს და მეც მის გვერდით უნდა ვიყო. ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ბევრჯერ სცადეს, გადაწყვეტილება შემეცვალა, მაგრამ ვერაფერს გახდნენ", - ამბობს გარდაცვლილის დედა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
მთვლელები