რა შემთხვევაში არ გადმოვა დიდ შაბათს ღვთაებრივი ცეცხლი და რა მოხდება თუკი ყველაფერი ასე წარიმართა?
რა  შემთხვევაში  არ  გადმოვა  დიდ  შაბათს  ღვთაებრივი  ცეცხლი  და  რა  მოხდება  თუკი  ყველაფერი  ასე  წარიმართა?
ალბათ, იშვიათია ქრისტიანი ადამიანი, რომელიც არ ოცნებობს იერუსალიმში წასვლაზე და იმ წმიდა ადგილების მოლოცვაზე, სადაც მაცხ­ოვარი ჩვენი, იესო ქრისტე დადიოდა, ცხოვრობდა და ქადაგებდა, სადაც ის ჯვარს აცვეს, აღდგა და ამაღლდა ზეცად. წმიდა ვახ­ტანგ გორგასლის სახ­ელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გურამი (გურამიშვილი) უკვე რამდენჯ­ერმეა ნამყოფი ისრაელში, წმიდა მიწაზე, საკუთარი თვალით აქვს ნანახი ცეცხ­ლის გარდამოსვლა, სხვა სასწაულები და მოლოცვილი აქვს იქ არსებული თითქმის ყველა სიწმიდე.

მამა გურამი: რამდენჯ­ერმე ვიყავი იერუსალიმში და ახ­ლაც მივემგზავრები. ერთხ­ელ შობასაც შევხ­ვდი ბეთლემში და იქ არა მხოლოდ დავესწარი ღვთისმსახ­ურებას, არამედ მომეცა საშუალება, მეც ვზიარებულიყავი და მორწმუნე მრევლიც მეზიარებინა. შობის ტაძარი, რა თქმა უნდა, ცენტრალური მართლმადიდებლური ტაძარია, მაგრამ იქ სხვადასხ­ვა მხარეს ლიტურგიას რიგრიგობით აღასრულებენ: კათოლიკეები, სომხები, ბერძნები, რუსები. თუმცა, იყო დრო, როდესაც ბეთლემში ქართველებიც აღვასრულებდით მსახ­ურებას, ჩვენი ადგილიც გვქონდა და მაცხ­ოვრის აღდგომის ტაძრის გასაღებიც ქართველებს გვებარა – ჩვენ ვაღებდით და ვკეტავდით კარს. ათეისტურმა უღმერთო წყობამ ძალიან მძიმე დაღი დაასვა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, ამან შეუწყო ხელი იმას, რომ უცხ­ოეთში, კერძოდ კი ისრაელში, არსებული სიწმიდეები და მონასტრები ბერძნებისა და რუსების ხელში გადავიდა. იქ ქართველებს მხოლოდ მომლოცველის, პილიგრიმის როლში შეუძლიათ ყოფნა. ბერძნები ღიზიანდებიან, როდესაც ეუბნები, რომ ქართველი ხარ და ეს მონასტერი ერთ დროს ჩვენ გვეკუთვნოდა.

– მაშინ, როდესაც ქართველ სასულიერო პირებს აღდგომის ტაძრის გასაღები ჰქონდათ, თუ მონაწილეობდნენ ისინი ცეცხ­ლის გარდამოსვლაში?

– ცნობილია, რომ ქართველ სასულიერო პირებს უშუალოდ მიუღიათ მონაწილეობა ცეცხ­ლის გარდამოსვლაში. რა თქმა უნდა, მათ ხელში არ გადმოსულა ცეცხ­ლი, რადგან მაცხ­ოვრის საფლავზე შესვლისა და ცეცხ­ლის მიღების უფლება იერუსალიმის პატრიარქს ეკუთვნის, მაგრამ ქართველებს ჰქონდათ იქ თავიანთი ადგილი, დრო, როდესაც ატარებდნენ ღვთისმსახ­ურებას და, შესაბამისად, ისინიც მონაწილეობდნენ და ესწრებოდნენ ღვთაებრივი ცეცხ­ლის გარდამოსვლას. ის, რომ ქართველებს ჰქონდათ აღდგომის ტაძრის გასაღები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბევრ რამეზე მეტყველებს – ეს მიუთითებს იმაზე, როგორი ძლიერი იყო ქართული ეკლესია იმ პერიოდში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხ­ოეთში, განსაკუთრებით კი – ისრაელში. დღეს, საბედნიეროდ, ჩვენი უწმიდესის კურთხ­ევით, უცხ­ოეთის ბევრ ქვეყანაში აშენდა და ფუნქციონირებს ქართული ეკლესია, სადაც ქართველი სასულიერო პირები მსახ­ურობენ. მისი კურთხ­ევით იერუსალიმის მიწაზე გაიხ­სნა ქართული დედათა მონასტერი, პალესტინის ტერიტორიაზეც არის ქართული მონასტერი. ქალაქ ლოდში, სადაც წმიდა გიორგის საფლავია, არის ქართული სახ­ლი, რომელიც იგივე ქართული მონასტერია, ასე რომ, მისი უწმიდესობა ყველანაირად ცდილობს, წმიდა მიწაზე დააბრუნოს ქართველები და, მჯერა, რომ ეს აუცილებლად მოხ­დება.

ფაქტობრივად, იქ ყოფნისას, გგონია, რომ ბიბლიაში მოგზაურობ. ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასწაულად მიჩნეულია, აღდგომის წინა დღეს, დაახ­ლოებით შუადღის 2 საათზე, აღდგომის ტაძარში, იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქზე ღვთაებრივი ცეცხ­ლის გარდამოსვლა. ამისთვის არსებობს სამი პირობა: პირველი – აუცილებელია, რომ კანოკლიაში, მაცხ­ოვრის საფლავზე შევიდეს იერუსალიმის პატრიარქი; მეორე – ამას უნდა ესწრებოდნენ მართლმადიდებელი არაბები, რომლებიც ყიჟინით ადიდებენ უფალს, ყველას მოუწოდებენ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლმადიდებლობაა და რომ ყველა
უნდა მოინათლოს. რაც შეეხ­ება მესამე პირობას, პალესტინის ტერიტორიაზე მდებარეობს საბა განმწმედელის მონასტერი, რომელიც თვით საბა განმწმედელმა დააარსა და თავისი ტიპიკონით ის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მონასტერია. ანუ, მესამე პირობაა, რომ ცეცხ­ლის გარდამოსვლას ამ მონასტრის ბერებიც უნდა ესწრებოდნენ; ისინიც ლოცულობენ, ოღონდ, გარეთ, პატრიარქთან ერთად. ისტორიულად ცნობილი ფაქტია, როდესაც სომხ­ური ეკლესიის პატრიარქი შესულა ცეცხ­ლის მისაღებად, მართლმადიდებელი პატრიარქი გარეთ დაუტოვებიათ, მაგრამ ცეცხ­ლი სწორედ იქ, იმ სვეტზე გადმოვიდა, სადაც იერუსალიმის პატრიარქი ლოცულობდა და იმ სვეტს დღესაც ემჩნევა ცეცხ­ლის კვალი. იერუსალიმში ასევე, ხდება ერთი სასწაული: სწორედ იმ ადგილას, სადაც მაცხ­ოვარმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, იცვალა ფერი, მთის წვერზე არის ფერისცვალების სახ­ელობის ეკლესია. ყოველი წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს, ამ მთას ზემოდან ადგება ღრუბელი და მხოლოდ იმ ადგილას, სადაც უფალმა იცვალა ფერი, მოდის ცვარი, წვიმა. ეს სასწაული ყოველ წელს აღესრულება და მისი ნახ­ვა ბევრ მორწმუნეს შეუძლია. იერუსალიმში ასევე აღესრულება მესამე სასწაული, რომელსაც მორწმუნეები ყოველ წელს ელოდებიან. როგორც იცით, ისრაელს ესაზღვრება იორდანია და მათ საზღვარზე მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის პატარა მონასტერი, სადაც იერუსალიმის პატრიარქი 19 იანვარს აღასრულებს წყალკურთხ­ევის მსახ­ურებას. ამ დროს, რამდენიმე საათის განმავლობაში, ხდება მდინარე იორდანეს უკუსვლა, რაც იმის დასტურია, რომ სწორედ იქ მოხ­და მაცხ­ოვრის ჩვენის, იესო ქრისტეს ხილული ნათლობა და, რომ ეს მართლაც წმიდა მდინარე, წმიდა ადგილია. იქ ყოველ წელს აღესრულება სასწაული, რომლის მხილველი ძალიან ბევრი ადამიანი ყოფილა და მათ შორის ვარ მეც.

– როდესაც ცეცხ­ლის გარდამოსვლის წინ, ტაძარში ყიჟინით შემოდიან მართლმადიდებელი არაბები, იწვევს ეს ხალხ­ის გაღიზიანებას?

– ყოფილა ისეთი შემთხ­ვევა, როდესაც პატრიარქს მართლმადიდებელი არაბები არ შეუშვია ტაძარში – ხელს მიშლიან ლოცვაში, დისკომფორტს ქმნიანო – და მათთვის კარი ჩაუკეტავთ, მაგრამ, ცეცხ­ლი არ გადმოსულა და იძულებული გამხდარა, ისინი შეეშვა, რის შემდეგაც ცეცხ­ლი გადმოსულა. მართლმადიდებელი არაბების ეს ყიჟინი არ არის მხოლოდ ყვირილი, ისინი ყველას მოუწოდებენ მონათვლისკენ და ადამიანებს წინასწარ ულოცავენ აღდგომას. არაბები სადღესასწაულოდ არიან ჩაცმულები – ყველას აცვია მაისური, რომელზეც მაცხ­ოვარია გამოსახ­ული და აწერია: „ქრისტე აღდგა“. ისინი საკმაოდ მოწესრიგებულები, ძალიან კარგი მართლმადიდებლები არიან, წესებს იცავენ, შვილებსაც მართლმადიდებლურად ზრდიან და სხვებსაც მოუწოდებენ მართლმადიდებლურად მონათვლისკენ. თავად ისრაელის სახ­ელმწიფოსაც არ აქვს პრეტენზია მათ მიმართ, რადგან მაჰ­მადიანი არაბებისგან განსხ­ვავებით, ისინი უფრო მიმტევებლები არიან, მუსლიმანები კი აგრესიულობით გამოირჩევიან.

– რა თქმა უნდა, ცეცხ­ლის გარდამოსვლაზე დასწრება, ამ ხილული სასწაულის ნახ­ვა, ძალიან დიდი მადლის მიღებაა, მაგრამ, როგორც ცნობილია, ტაძარში, მის ეზოში შესვლას ბევრი ადამიანი ვერ ახ­ერხ­ებს, ეს კი ხშირად, ალბათ, დაძაბულობის მიზეზი ხდება.

– არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასული მომლოცველი თავს იყრის ერთ ადგილას, ანუ ეპიცენტრი არის მაცხ­ოვრის აღდგომის ტაძარი, მისი ეზო და მიმდებარე ტერიტორია. იქ რამდენიმე მილიონი ადამიანი იყრის თავს. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ასეთ დროს ტაძარში, ან, თუნდაც მის ეზოში მოხ­ვდე. ტაძართან რამდენიმე მისასვლელია, მაგრამ ის ისრაელის პოლიციას კორდონებით აქვს ჩაკეტილი. იერუსალიმის საპატრიარქოს აქვს სპეციალური საშვები, რომლის დახ­მარებითაც შეგიძლია ტაძარში უპრობლემოდ შესვლა, არ აქვს მნიშვნელობა, ხარ სასულიერო პირი, თუ არა. ვისაც საშვი აქვს, ის თავისუფლად შედის, თუმცა, ყოფილა შემთხ­ვევა, როდესაც საშვიანები შეუშვიათ ტაძარში, ადგილი დარჩენილა და მერე ისინიც შეუშვიათ, ვისაც საშვი არ ჰქონია, ამიტომაც, დილის 5 საათიდან მიდის იქ ხალხი და წინ იკავებს ადგილს, რომ შესვლა მოახ­ერხ­ონ. რაც შეეხ­ება საშვს, ამით მხოლოდ ცეცხ­ლის გარდამოსვლაზე შეიძლება დასწრება, აღდგომის მსახ­ურებაზე დასწრებას საშვი არ სჭირდება. იერუსალიმის საპატრიარქო ბეჭ­დავს რამდენიმე ათას საშვს და ურიგებს ქრისტიანულ საელჩოებს, მათ შორის საქართველოსაც. სომხ­ური და რუსული ეკლესიების წარმომადგენლებს ისედაც აქვთ იქ ადგილი და საშვის გარეშეც შეუძლიათ შესვლა, მაგრამ ჩვენ, რადგან არ გვაქვს ადგილი, საშვის დახ­მარებით ან სპონტანურად თუ შევალთ. მე ხუთჯ­ერ ვარ ამ დღეს ისრაელში ნამყოფი, აქედან, ერთხ­ელ მქონდა საშვი, ერთხ­ელ საერთოდ ვერ შევედი და სამჯ­ერ სპონტანურად შევედი – ტაძარში ადგილი იყო, წინ ვიდექი და იმიტომ მოვხ­ვდი, თორემ, ამაში ჩემი სასულიერო პირობა არ დამხ­მარებია. ტაძარი საკმაოდ დიდია. რუსეთის დუმის დეპუტატებს იქ თავიანთი ადგილი აქვთ და ურიგოდ შედიან, ასევე, ურიგოდ შედის საბერძნეთიდან წარმომადგენლობა, რომიდან, კათოლიკური ეკლესიებიდან; ერთადერთი, ქართველები ვართ, ვისაც არ გვაქვს ჩვენი ადგილი. ამ დროს ძალიან დიდი დაძაბულობა, უსიამოვნება და ჩხუბი ხდება ადგილის გამო – რუსი და სომეხი სასულიერო პირები ერთმანეთს ედავებიან, წინ რატომ დამიდექიო და ასე შემდეგ. ისეთი ყიჟინი და ყვირილია, ვერც წარმოიდგენ, თუ ტაძარში ხარ, ამ ხმაურს არაბი მართლმადიდებლების ყიჟინი ფარავს, რომლებიც დაფდაფებზე უკრავენ და ერთმანეთს მხრებზე ასხ­ედან. მათი შემოსვლით ადამიანები დადებითად იმუხ­ტებიან, ჩუმდებიან და ყველა მათ უსმენს.

შარშან, საბედნიეროდ, მოხ­და ისე, რომ, სასწაულებრივად, შევედი ტაძარში, არადა, იმედი არ მქონდა, რადგან, ძალიან ბევრი ხალხი იყო. აღდგომის ტაძარში მოქცეულია მაცხ­ოვრის საფლავი, გარდამოხსნა და გოლგოთა, სადაც კიბით ადიხ­არ. მე ვიცოდი, თუ ტაძარში შევიდოდი, იქიდან მოვახ­ერხ­ებდი გოლგოთაზე ასვლას, საიდანაც აღდგომის ტაძრის საკურთხ­ეველშია ჩასასვლელი (ოღონდ, იქ მხოლოდ სასულიერო პირს შეუძლია შესვლა) და მერე იქიდან მოვხ­ვდებოდი მაცხ­ოვრის საფლავზე. ჯერ არ მიშვებდნენ გოლგოთაზე, ბოლოს მაინც გამიშვეს, იქიდან ჩავედი საკურთხ­ეველში და ხუთ წუთში იერუსალიმის პატრიარქიც მობრძანდა, შეიმოსა და გაემართა მაცხ­ოვრის საფლავისკენ. მეც უკან გავყევი. ისე მოხ­და, რომ ჩემ წინ მიდიოდა პატრიარქი, შემდეგ – მისი დაცვა და მე, ჩემ უკან კი იერუსალიმის საპატრიარქოს ეპისკოპოსები და რუსი ეპისკოპოსები. მე რომ მათ უკან დავმდგარიყავი, პოლიცია გარეთ გამომიშვებდა. როდესაც პატრიარქი აღდგომის ტაძრიდან მიდის საფლავთან, სადაც პატარა ტაძარი დგას, ასრულებს სამგზის ლიტანიობას და ამ პატარა ტაძარს გარშემო უვლის. მეც გავყევი უკან და მასთან ერთად შემოვუარე, შემდეგ პატრიარქი განიმოსა და შევიდა საფლავზე. საფლავის მარჯ­ვნივ არის ბერძნების ადგილი, მარცხ­ნივ კი – სომხ­ების, იქ სხვას არ აქვს დადგომის უფლება. მე გადავწყვიტე, ბერძნების მხარეს დავმდგარიყავი. ჩემ უკან იდგა ყველა მღვდელმთავარი, მოკლედ, ყველაზე საპატიო ადგილას ვიდექი, თან, გულში ვლოცულობდი, გარეთ არ გამიყვანონ-მეთქი. როდესაც შებრძანდა იერუსალიმის პატრიარქი საფლავზე, დაახ­ლოებით ათი წუთის განმავლობაში ველოდებოდით ცეცხ­ლის გარდამოსვლას. ამ დროს ირგვლივ საოცარი სიჩუმე იყო, ადამიანების უმეტესობა გულში ლოცულობდა, როგორც კი გადმოვიდა ცეცხ­ლი და პატრიარქი გამობრძანდა გარეთ, მისი ხელიდან პირდაპირ გადავუკიდე ჩემს სანთელს ცეცხ­ლი და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხ­არული და ბედნიერება იყო. სანამ ცეცხ­ლი გარდამოვა, მანამდე ტაძარში ყველაფერი ჩამქრალია და, როგორც კი პატრიარქი გამობრძანდება ღვთაებრივი ცეცხ­ლით ანთებული სანთლებით, წამებში მთელ ტაძარში ანთია სანთლები, ეს მართლაც სასწაული და დიდი წყალობაა, მადლია უფლისგან მოვლენილი.

პალესტინის ტერიტორიაზე მდებარეობს საბა განმწმედელის ლავრა. საბა განმწმედელი მეექვსე საუკუნეში მოღვაწეობდა და მისი სხეული დღემდე უხ­რწნელია. ის უდიდესი წმიდა მამაა, მან დააწესა თავისი ტიპიკონი, რომლითაც დღეს ბევრი მონასტერი ცხოვრობს. ეს მონასტერი იმდენად ძლიერი და მლოცველია, რომ მისი ბერები აუცილებლად უნდა ესწრებოდნენ ცეცხ­ლის გარდამოსვლას. რამდენიმე წლის წინ იქ ქართველი ბერიც მოღვაწეობდა. საბა განმწმედელის ლავრის ბერები ქართველების მიმართ საოცრად კეთილგანწყობილები არიან, გულუხ­ვად გვხვდებიან. ის უდაბნოში მდებარეობს და, როგორც კი დაგვინახ­ავენ, მაშინვე წვენებით, ტკბილეულით გვიმასპინძლდებიან, რასაც ვერ ვიტყვი სხვა მონასტრებზე, სადაც ზოგჯ­ერ შესვლაშიც კი ფულის გადახ­დას ითხ­ოვენ. საბა განმწმედელის ლავრაში, მიუხ­ედავად იმისა, რომ მანდილოსნებს არ უშვებენ, მონასტრის ბერები და მორჩილები, მათთან თვითონ მიდიან და მონასტრის კართან უმასპინძლდებიან წვენებით, წყლით, კანფეტებით, სურნელოვან ზეთსა და ნაკურთხ წყალს ურიგებენ.

– ბზობიდან მოყოლებული მთელი ვნების შვიდეულის განმავლობაში, იერუსალიმში ტარდება სხვადასხ­ვა მსახ­ურება და მორწმუნეები სწორედ იმ გზას გადიან, რაც მაცხ­ოვარმა გაიარა.

– დიახ, ყველაფერი ბზობიდან იწყება – ეს არის დიდებით შესვლა იერუსალიმში მაცხ­ოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. იერუსალიმის საპატრიარქო სწორედ ასე დღესასწაულობს – ისინი იერუსალიმში ცენტრალური კარიბჭ­იდან შედიან, ბოლოს მიდიან აღდგომის ტაძარში, დანარჩენ დღეებშიც, ანუ ორშაბათიდან ოთხ­შაბათამდე, იკითხ­ება წმიდა ოთხ­თავი, ანუ ოთხ­ივე სახ­არება მთლიანად იკითხ­ება, მაცხ­ოვრის შობიდან – ჯვარცმამდე, აღდგომა და ამაღლებაა. დიდი ხუთშაბათი – ეს არის საიდუმლო სერობის დღე, როდესაც მაცხ­ოვარმა მოციქულები აზიარა და ამ დღეს ყველა ტაძარში, ასევე, მაცხ­ოვრის აღდგომის ტაძარში, იერუსალიმის პატრიარქი აღასრულებს წირვასა და ზიარებას. წითელი პარასკევი კი ყველაზე მძიმე დღეა, ამ დღეს მორწმუნეები გადიან ჯვარცმისკენ, გოლგოთისკენ მიმავალ გზას: პატრიარქი, ეპისკოპოსები რიგრიგობით ატარებენ ხის დიდ ჯვარს, ისვენებენ იქ, სადაც მაცხ­ოვარმა შეისვენა და შემდეგ ის ააქვთ გოლგოთაზე. ამ მსვლელობაში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. ეს საკმაოდ ამაღელვებელი და ლამაზი სანახ­ავია. შაბათს ადამიანები უკვე ელოდებიან ცეცხ­ლის გარდამოსვლას, ღამე კი აღესრულება ლიტანიობა, რომლის დროსაც სასულიერო პირები სხვადასხ­ვა ენაზე ულოცავენ მორწმუნეებს მაცხ­ოვრის ბრწყინვალე აღდგომას.

– როგორც ვიცი, იერუსალიმში დღემდე ინახ­ება ქვა, საიდანაც მაცხ­ოვარი ამაღლდა, ასევე, ის ქვა, რომელზეც გეთსამანიის ბაღში მაცხ­ოვარი ჯვარცმამდე ლოცულობდა.

– დიახ, შემორჩენილია ის ქვა, რომელთანაც მაცხ­ოვარი ტიროდა, თუმცა იქ დღეს კათოლიკური ეკლესიაა. ამაღლების ადგილას კი არის პატარა მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც ადრე არაბი მუსლიმანების ხელში იყო და მეჩეთად ჰქონდათ გადაკეთებული. დღეს იქ ქრისტიანული ტაძარია და ინახ­ება ქვა, რომელზეც იდგა მაცხ­ოვარი და საიდანაც ამაღლდა. მასზე ნაფეხურები დღემდეა შემორჩენილი. ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს შეუძლია, მივიდეს და ემთხ­ვიოს ამ ქვას. მაცხ­ოვრის აღდგომის ტაძარში შესვლისთანავე დაინახ­ავ დიდ ფილას, რომელიც სურნელოვანია და მადლიანია. ეს არის ქვა, რომელზეც ჯვრიდან გარდამოხ­სნილი მაცხ­ოვარი დაასვენეს. მას მირონი, ზეთი მოსდის. ადამიანები ემთხ­ვევიან, ადებენ ნებისმიერ ქსოვილს და მერე ისინი სახ­ლში მიაქვთ. ქალაქ ლოდში, სადაც არის წმიდა გიორგის საფლავი ინახ­ება ჯაჭ­ვი, რომლითაც წმიდა გიორგი იყო შეპყრობილი და მას ხშირად იკეთებენ მორწმუნეები. წმიდა გიორგის საფლავი საოცრად მადლიანი ადგილია, ის სურნელოვანი ზეთითა და მირონით არის გაჟღენთილი და, რაც მთავარია, ქართველების მიმართ საოცრად კეთილგანწყობილები არიან. იქ ინახ­ება წმიდა გიორგის ნაწილები, ჩვენ მოგვეცა საშუალება, მათ ვეამბორეთ და პარაკლისიც გადავიხ­ადეთ. ძველი აღთქმიდან ჩვენ ვიცით მამრეს მუხა, რომელიც ძალიან ძველია. ახ­ლა ის გამხ­მარია, თუმცა მაინც საკმაოდ დიდია. ადამიანებს მიაქვთ მისი ქერქი, რადგან ამბობენ, ვინც მას მოადუღებს და მიიღებს, უშვილობისგან განიკურნებაო.

– ისრაელში არის გოდების კედელი, სადაც ადამიანები თავიანთ დაწერილ სურვილებს ტოვებენ. როგორც ვიცი, ის არამართლმადიდებლურია, არანაირი კავშირი არ აქვს მართლმადიდებლობასთან.

– თქვენ იცით, რომ ისრაელის სახ­ელმწიფო იყო საკმაოდ დიდი და ძლევამოსილი. მაგრამ, საუკუნეების განმავლობაში აღარ არსებობდა ისრაელის სახ­ელმწიფო, ძალიან ბევრი კულტურული, ისტორიული ძეგლი დაინგრა, განადგურდა. თუმცა, დღემდეა შემონახ­ული მცირე ნაწილი იმ კედლისა, რომლითაც შემოსაზღვრული იყო დიდი, ძლევამოსილი, ძველი იერუსალიმი. ეს კედელი ებრაელებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ხოლო, მართლმადიდებლებისთვის – არაფერს. როდესაც ჩვენ შაბათს მივდივართ ტაძარში ცეცხ­ლის გარდამოსვლაზე, ამ დროს ებრაელები, სანამ მზე ამოვა (შაბათი მათთვის წმიდა დღეა), მიდიან გოდების კედელთან და გოდებენ საკუთარ ძველ დიდებაზე, უფალს ევედრებიან – უფალო, ძველი დიდება დაგვიბრუნეო. სხვათა შორის, იქ უცნაური გამოთქმა არსებობს: ჩვენ, როდესაც რომელიმე ქვეყნიდან, ქალაქიდან თბილისში ვბრუნდებით, ვამბობთ, ჩამოვედი მოსკოვიდან, თელ-ავივიდან... ებრაელები კი ყოველთვის ამბობენ – მე იერუსალიმში ამოვედი, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ებრაელები ღვთის რჩეული ერია, ისრაელი კი ყველაზე აღმატებული ადგილი. ამიტომ, იქ არ შეიძლება, ჩახ­ვიდე, იქ უნდა ამოხ­ვიდე. ისინი აღიარებენ ძველ აღთქმას, მოსეს რჯულის მიმდევრები არიან და არა ქრისტესი და მათთვის ახლა არის ოთხ­ი ათას რომელიღაცა წელი. ასევე, განსაკუთრებულია კანას გალილეა, სადაც მაცხ­ოვარმა პირველი სასწაული მოახ­დინა – წყალი აკურთხა ღვინოდ. იქ არის ბერძნული მოქმედი ტაძარი და დღემდეა შემონახ­ული ის ქვევრები, სადაც ღვინოს აყენებდნენ და მაცხ­ოვარმა სასწაული მოახ­დინა.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
loading...
25-04-2017
ეგვიპტის ქალაქ ლუქსორის მახლობლად არქეოლოგებმა 6 მუმია აღმოაჩინეს, რომლებიც მოხატულ კუბოებში იყვნენ ჩასვენებულები და მათ გარშემო ათასობით ფიგურა იყო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ეგვიპტის ხელისუფლების ინფორმაციით, მუმიების ასაკი 3,5 ათასი წელია. ისინი ახალი სახელმწიფოს პერიოდს ეკუთვნის. სიძველეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი აღმოჩენა უაღრესად მნიშვნელოვანია და აკლდამები შესანიშნავად არის შენახული.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ აკლდამაში სხვა პერიოდის მუმიებიც არსებობს.
ლუქსორთან მდებარე ფარაონების მდელო 1979 წელს იუნესკომ კულტურულ მემკვიდრეობად გამოაცხადა.






loading...
მთვლელები