„დავიჯერო, სექსი გოგოებს არ უნდათ“? - როგორ ესმით საქართველოში სიყვარული და რატომ უფრთხიან ბიჭები ურთიერთობებს
„დავიჯერო, სექსი გოგოებს არ უნდათ“? - როგორ ესმით საქართველოში სიყვარული და რატომ უფრთხიან ბიჭები ურთიერთობებს
სიყვარულის ფორმებიდან ერთ-ერთს რომანტიკული სიყვარული წარმოადგენს. შეყვარებული ადამიანი ტრფობის ობიექტის მიმართ განიცდის აღფრთოვანებას, სინაზეს, ეროტიკულ აღგზნებასა და ერთად ყოფნის ძლიერ სურვილს. შეყვარებული ადამიანისთვის სიყვარულის ადრესატი ყველაზე ლამაზი და დახვეწილი, სხვებზე კეთილი, სათნო და მამაცია. ის უამრავი უპირატესი ნიშნის მატარებლად გვევლინება, რაც მას განსაკუთრებულად სასურველს ხდის.

თუ რომანტიკული სიყვარული ცალმხრივი არ არის, ორი ადამიანი მიმართავს აზროვნებისა და ქცევის მთელ წყებას, რომელსაც ურთიერთობად (relationship) მოიხსენიებენ. მართალია, შეყვარებულობის განცდა მეტ-ნაკლებად უნივერსალური ფენომენია, რომელსაც სხვადასხვა კულტურაში ვხვდებით, შეყვარებულების ერთმანეთისა და თავად სიყვარულის ფენომენისადმი დამოკიდებულება და აქედან გამომდინარე - მოქმედებაც, სხვადასხვა კულტურაში (სუბკულტურაში) საგრძნობლად განსხვავებული აღმოჩნდება ხოლმე.

„ამ ბიჭებს ვერაფერი გავუგე. ან მართლა ასეთები არიან, ან მე მხვდება ყველა დაბნეული. 24 წლის ვარ და ძალიან მინდა, რომ შეყვარებული მყავდეს. ერთად ვისეირნოთ, ვიაროთ ლაშქრობებში, ჩემი დაწერილი სიმღერები მოვასმენინო, ჩემი მეგობრები გავაცნო, მოკლედ, დრო ვატაროთ. 24 -ის კიდევ ხომ აღარ ვიქნები, არა? გამიგია, ეს წლები ყველაზე ლამაზია და ყველაზე რომანტიკულიო. და ჩემთვის რატომ არ არის? ძირითადად ორი ტიპის ურთიერთობაში ვეხვევი ხოლმე: ან ბიჭს გაცნობისთანავე სექსი უნდა და შეფარულად არკვევს, წამსვლელი ვარ თუ არა ასეთ ურთიერთობაზე (ფრთხილად მეკითხება, „ნამიოკებით“ არკვევს, წინა შეყვარებულთან რამდენად ახლოს ვიყავი); ან თუ ასეთ რამეს არ მთხოვს, პირდაპირ ოჯახში მეპატიჟება მშობლების გასაცნობად და მერე ისეთი მეთოდებით მაკონტროლებს (როდის გავდივარ, სად დავდივარ, ვინ არიან ჩემი მეგობრები) რომ ჩემი თავი პატიმარი მგონია. არ შეიძლება ფილმებში რომ არის, ცხოვრებაშიც ისე იყოს? ერთად ვაკეთოთ ყველაფერი, დრო ვატაროთ. მოკლედ, ბედნიერები ვიყოთ... ხვდებით, რას გეუბნებით?“
ასეთი საყვედური ბიჭების მიმართ ძალიან ხშირია ახალგაზრდა გოგონებისგან, რომლებსაც რომანტიკული ურთიერთობა უნდათ, მაგრამ „რატომღაც არ გამოსდით“.

ბიჭები, რომლებიც პრობლემად რომანტიკული ურთიერთობის შეუძლებლობას ასახელებენ, მიზეზებს შემდეგში ხედავენ:
„გოგოსთან ნორმალური ურთიერთობა აქ შეუძლებელია. თავში ყველას გათხოვება უდევს. რამეს რომ ვიწყებ, სულ იმის შიში მაქვს, რომ იმედი არ გაუჩნდეს, ძალიან არ შევტოპოთ. დავიჯერო, სექსი გოგოებს არ უნდათ? არ მოდიან მაგაზე. ურთიერთობა ისე წარმოუდგენიათ, მაგის გარეშე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მარტო ხელჩაკიდებული სიარული რა უბედურებაა. მეორე პრობლემა ის არის, რომ არ მინდა, ქალიშვილი აღმოჩნდეს. გართულდება ყველაფერი. საუკეთესო შემთხვევაში ალბათ მინდა, ერთად კარგი დრო ვატაროთ, გვქონდეს ბევრი სექსი, ბევრი საერთო. თუნდაც, ერთად ვიცხოვროთ, რატომაც არა. ოღონდ ოჯახი და შვილები არ მინდა, ამ ასაკში (26 წლის არის), რა დროს ეგაა. ცხოვრება ხომ უნდა მოვასწრო. ვიმოგზაურო, გავერთო. თავისუფლებით დავტკბე.“

შეყვარებული წყვილის მიერ წამოწყებულ რომანს ურთიერთობად ჩამოყალიბებისთვის გარკვეული პირობები სჭირდება. მათგან ოთხს გამოვყოფდი: 1. ურთიერთების განსავითარებლად აუცილებელი დრო, 2. დაახლოებისათვის საჭირო გეოგრაფიული სივრცე, 3. სექსი და 4. რომანტიკული ურთიერთობის მიზანი.

დრო
შეყვარებულობის პირველი ეტაპი აღმაფრენას გავს. ის ემოციებითა და ვნებით გამოირჩევა. თუმცა, მალე დგება შემდგომი ეტაპები, რომელიც არანაკლებ საინტერესო და სიამოვნების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. ამ ეტაპებზე წამყვანია ორი ადამიანის მიერ ერთმანეთის უკეთ
გაცნობა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაახლოება, ერთმანეთის სამყაროს წვდომა, ყოველდღიურობაში შეწყობა, კინკლაობისა და ჩხუბის ფონზე ერთმანეთის ხასიათის, ინტერესების შესწავლა, ზოგჯერ შეგუება და ზოგჯერ დათმობაზე წასვლა.
მართალია, ურთიერთობის მიმდინარეობის ტემპი წყვილებში განსხვავებულია, მოწიფულ რომანტიკულ წყვილად ჩამოყალიბებას საშუალოდ 2 წელი მაინც სჭირდება.

სივრცე
ორი ზრდასრული ადამიანის რომანტიკული ურთიერთობა ფსიქოლოგიურ და ეროტიკულ ინტიმს ითვალისწინებს, რისთვისაც მანქანა, კაფე, პარკი, ქუჩა და რამდენიმე საათით დაცარიელებული მეგობრის სახლი მიანცდამაინც გამოსადეგი ვერ იქნება. აქ კი მივადექით პრობლემას, რომელსაც როგორც კულტურული, ასევე სოციალური განზომილება აქვს. ახალგაზრდების უმეტესობა საქართველოში მშობლების სახლში ცხოვრობს, რაც ნაწილობრივ დაბალი ხელფასით ან უმუშევრობით აიხსნება, ნაწილობრივ კი დაოჯახებამდე მშობლებთან ცხოვრების გავრცელებული პრაქტიკით. ამიტომ, შეყვარებულ ახალგაზრდა წყვილს ხშირად ურთიერთობისათვის აუცილებელი სივრცე საერთოდ არ გააჩნია და მათი რომანი პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩაში მიმდინარეობს. რომანტიკული ურთიერთობის წინსვლის ერთადერთ გზად ხშირად შეყვარებულისათვის ლეგიტიმური სტატუსის მინიჭებაღა რჩება და ჩვენი სანაცნობოც სავსეა წყვილებით, რომლებმაც ნაცნობობის მეექვსე, მერვე თვეს ან უფრო ადრეც შექმნეს ოჯახი. ეს კი იმ მიზეზით მოხდა, რომ მშობლებისა და საზოგადოებისგან ერთად ცხოვრების უფლება მოეპოვებინათ.

სექსი
აქვე უპრიანია აღვნიშნო საკითხი, რომლის მნიშვნელობაც ზრდასრული ადამიანის ცხოვრებაში უდავოა, ეს არის სექსი. სექსთან მიმართებაში ლოგიკას მოკლებული და ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულება გვხვდება საზოგადოებაში; ერთი მხრივ სექსის გაფეტიშება-გაღმერთება და მეორე მხრივ მისი დაკნინება-დემონიზება.
ახალგაზრდა ქართველი კაცის სასურველი იმიჯი მასში ხაზგასმული მამაკაცურობით გამოირჩევა, რაც ამ უკანასკნელის მხრიდან აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას მოიაზრებს. „სექსი ნახევარი წელია, რაც არ მქონიაო,“ ალბათ ასეთ „სამარცხვინო აღიარებას“ ზრდასრული მამაკაცი იშვიათად გააკეთებს საკუთარ გარემოცვაში და გულუბრყვილობით თუ მაინც სადმე წამოცდება სიმართლის ამსახველი ფრაზა, ის სხვა მამაკაცებისათვის ქილიკის საგნად იქცევა.

საქართველოში (და არა მხოლოდ ჩვენში) კაცის წარმატებულობა ფულისა და გავლენის გარდა, გულისხმობს (ხშირად, არაერთი) ეროტიკული პარტნიორის ყოლას. სექსი „ჭეშმარიტი მამაკაცისათვის“ იმდენად მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომ გარდამავალ ასაკში მყოფი ბიჭების „დავაჟკაცების“ ტრადიციაც კი გაგვაჩნია. როგორც წესი, 13-14 წლის ბიჭისთვის პირველი სექსუალური გამოცდილების „მენეჯმენტს“ ოჯახის წევრი ან ოჯახის ახლობელი მამაკაცი იღებს თავის თავზე. „წარმატების“ შემთხვევაში, ეს ამბავი ოჯახურ ლეგენდად იქცევა, რომელსაც მისი მონაწილეები სიამაყით აზიარებენ საახლობლოში.

სიახლე არავისთვის იქნება თუ ვიტყვი, რომ იმავე კულტურაში სამარცხვინოდ და დამამცირებლად აღიქმება ქალის სექსი. ქალწულობა ერთხმად ხაზგასმული სიმდიდრეა, რომელსაც 21-ე საუკუნეშიც კი ყავლი არ გასვლია. „ჭეშმარიტად კდემამოსილ“ ქართველ ქალს სექსი მხოლოდ ქმართან უნდა ჰქონდეს და არავითარ შემთხვევაში გათხოვებამდე, მეუღლის გარდაცვალების ან მასთან გაყრის შემდეგ. ესეც კულტურის ერთ-ერთი შეკვეთაა, რომლის შეუსრულებლობაც ქალს შეიძლება მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის/დამცირების/გაკიცხვისა და ოჯახიდან მოკვეთის საფასურად დაუჯდეს.

ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, საქართველოში საღ აზრს მოკლებული კულტურული გასაჭირი დაგვდგომია, რომელიც გამოცანასავით ჟღერს: თუ ქართველ ზრდასრულ მამაკაცს სექსი აუცილებლად და რეგულარულად უნდა ჰქონდეს და ქართველი ზრდასრული ქალისათვის სექსი მხოლოდ ქმართან შეიძლება, მაშინ ვისთან აქვს დასაქორწინებელ ქართველ მამაკაცს სექსი საქართველოში?

მიზანი
ორი ადამიანის რომანტიკულ დაახლოებას გააჩნია კულტურის მიერ შეკვეთილი მიზანი, როგორსაც საქართველოში დაქორწინება და შვილების გაჩენა წარმოადგენს და აგრეთვე ფსიქოლოგიური მიზანი, რომელიც დომინანტური კულტურისა და ადამიანის მოთხოვნების/ სურვილების ნაზავია.
ადამიანი ფსიქოლოგიურად დინამიური ერთეულია. ის ცხოვრებისეული გამოცდილებისა და თეორიული ცოდნის შეძენის გზით იხვეწება, იზრდება და ვითარდება.

განვითარებისა და ზრდისაკენ მიდრეკილება ადამიანის ერთ ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. რომანტიკული, ისევე როგორც, სხვა ტიპის სასიყვარულო კავშირი, სწორად წარმართვის შემთხვევაში, შეიძლება წყვილის განვითარებისათვის ხელშემწყობი აღმოჩნდეს. ადამიანი რომანტიკული პარტნიორის დახმარებით ეცნობა სამყაროს სხვადასხვა ასპექტს, აკვირდება და აანალიზებს საკუთარ თავს, უკეთ წვდება საკუთარ სურვილებს და წარმოდგენას იქმნის როგორც საკუთარ თავზე, ასევე ისეთ რთულსა და არაერთგვაროვან ფენომენზე, როგორსაც ცხოვრება წარმოადგენს.

ჯანსაღი ურთიერთობის ქონის ერთ ერთი ინდიკატორი პარტნიორის მხრიდან ადამიანის ნიჭისა და ტალანტის განვითარების ხელშეწყობა, მის მიერ განათლების მიღებისა და სამყაროს კვლევისაკენ წახალისება და ცხოვრებაში წინსვლის პროცესში გამოჩენილი მხარდაჭერა და თანადგომაა. იმისათვის, რომ წყვილმა დაადგინოს, რამდენად პოზიტიური და გამამდიდრებელია ერთმანეთთან ურთიერთობა, მათ უნდა მიეცეთ საკუთარ სივრცეში თანაცხოვრების საშუალება. სამწუხაროდ, საქართველოში ქორწინებამდე ორი შეყვარებული ადამიანის ერთად ცხოვრება დიდი ფსიქოლოგიური ფუფუნებაა, რომელსაც ერთეულები ახერხებენ.

სამწუხაროდ, შეყვარებულთა უმეტესობა ოჯახს ნაჩქარევად, ერთმანეთის კარგად გაცნობისა და დაახლოებისათვის აუცილებელი ეტაპების გავლის გარეშე ქმნის. ამიტომ, შედეგად ვიღებთ წყვილს, რომელიც საკუთარ მეუღლეს არ იცნობს და მის მოთხოვნებსა და ფსიქოლოგიურ კომფორტზე, მის ხასიათზე, სურვილებსა და ოცნებებზე წარმოდგენა საერთოდ არ აქვს. ეტაპები, რომლებიც ორ ადამიანს ერთად უნდა გაევლო, შვილებით გამდიდრებული და ყოველდღიური საზრუნავით დამძიმებული დიდი ოჯახის გასავლელი ხდება. რა გასაკვირია, რომ ნაუცბათევად შექმნილი ოჯახების ნაწილი ამ წნეხს ვერ უძლებს და ინგრევა ან თვითდინებით განაგრძობს ბედნიერებასა და სიხარულს მოკლებულ არსებობას.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
loading...
მთვლელები