საზოგადოება
ვფიქრობ, რომ ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ღმერთმა ჩამიფიქრა
ავარიის შემდეგ ბევრი რამის სწავლა თავიდან მოუხდა. მარტოხელა დედა იყო, 2 შვილი ჰყავდა მოსავლელი და ცდილობდა დამოუკიდებლად, ცალი ხელით გაეკეთებინა ყველაფერი. დარწმუნდა, რომ თურმე, ყველანაირი შიშის დაძლევა შეიძლება. ჯერ კიდევ ვერ დაუჯერებია, ბოლო 2 წლის მანძილზე ფიზიკურსა თუ სულიერ ტკივილებს როგორ მოერია და გადარჩა… მოინდომა და ყველა სირთულე დაამარცხა…
უამრავი პრობლემა აქვს- ვერ შოულობს სამსახურს; ყოველი თვის ბოლოს ფიქრობს, როგორ გადაიხადოს ბინის ქირა; არ იცის, მეორე დღეს რითი იარსებოს, მაგრამ არასდროს წუწუნებს.- უბედურებაზე ადვილი არაფერია. ბევრი მიზეზი მაქვს, ცუდად რომ ვიგრძნო თავი, მაგრამ უფრო მეტი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ “ხელმეორედ დაბადებულმა” სიცოცხლის მშვენიერება მთელი ძალით შევიგრძნო. შეუძლებელი არაფერია, მთავარია, გჯეროდეს და გწამდესო,- ამბობს 34 წლის შშმ პირი სალომე გოგეშვილი, რომელსაც ახლოს თუ გაიცნობ, საკუთარ შეუზღუდავ შესაძლებლობებში უფრო შეგეპარება ეჭვი ადამიანს.
– ბედის სამდურავი როგორ არ წამომცდენია, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ უფალმა უკეთესად იცის, ვის მოუვლინოს განსაცდელი. ჩემმა მდგომარეობამ მართალია, მიწაზე დამანარცხა, მაგრამ მომცა განვითარების მეტი შესაძლებლობა, ბევრ რამეზე დამაფიქრა და ახალი გზები მაჩვენა. ადრე სულ სხვანაირი ვიყავი. მარტივად მწყინდა, მერე ამ წყენას გულში ვიდებდი და ადვილად ვერ ვპატიობდი შეცდომებს. ახლა, როდესაც ადამიანები ცუდად იქცევიან, ძველებურად სამდურავს კი არ ვეუბნები მათ, არამედ ვცდილობ, გავიგო მიზეზი, რატომ მატკინეს გული და რატომ არ შეეძლოთ უკეთესად მოქცევა. მე შემიძლია სიბნელეში სინათლე შევიტანო! მე ეს შემიძლია და მგონია, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა გაფანტო სიბნელე.

– მომიყევი, როგორ ცხოვრობდი ავარიამდე?
– თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მართლაც უდარდელი, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ვმღეროდი, გამოვდიოდი კონცერტებზე, სილამაზის კონკურსებში ვმონაწილეობდი. არაჩვეულებრივი ბებია და ბაბუა მყავდა. მათი დამსახურებაა, ჩემში ამდენი სიყვარული რომ არის. მეცხრე კლასის დასრულებისთანავე ჩავაბარე კონსერვატორიის ათწლედში, ვოკალის განხრით და იმ წელს გავთხოვდი კიდეც- მომიტაცეს. ჩემი ქმარი მაშინ 16 წლის იყო, მე- 14-ის. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ბავშვი უცებ, ქალად ვიქეცი და ოჯახური ცხოვრება დავიწყე. მომწონდა კიდეც სახლში ფუსფუსი და მიხაროდა, სადილების მომზადებას რომ ვსწავლობდი. 16 წლისას შემეძინა მარიამი. ვერაფერს შევადარებ დედობას, ეს საოცარი გრძნობაა… ახლა მარიამი 18 წლისაა, დავსხდებით ხოლმე და ერთად ვგეგმავთ ყველაფერს, როგორც მეგობრები. მეორე გოგონა, სოფიო კი 11 წლისაა.

– სწავლა აღარ გაგიგრძელებია, არა?
– ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ იმაზე ბევრად მეტის გაკეთება შემეძლო, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებდი. დამაინტერესა ფსიქოლოგიამ. მაშინ ინტერნეტი არ იყო და თუკი სადმე რამეს მოვიძიებდი, ყველაფერს ვკითხულობდი. დავდიოდი ტრენინგებზეც. მთელი ცხოვრება თითქოს, რაღაც ჩარჩოებს ვუწესებდი საკუთარ თავს. ახლა ვერ ვხვდები, რატომ მქონდა ასეთი განწყობა. მერე სოციოლოგიის ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა ინტერვიუერად. დამაინტერესა ადამიანის ტიპაჟმა. იმ პერიოდში ვნახე ფილმი “საიდუმლო”, რომელმაც ჩემი ცნობიერება შეცვალა. ეს ფილმი იმაზეა, თუ როგორ შეუძლია ჩვენს ფიქრებს ჩვენი მომავლის შეცვლა, ანუ პოზიტიური აზროვნება რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ განსაზღვრავს იმას, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება… ბევრს უთქვამს: შენ რატომ დაგემართა ეს ამბავი? შენ არ უნდა დაგმართოდა… რა ვიცი, ალბათ, რომ არა ეს ტრაგიკული შემთხვევა, არ ვიქნებოდი ისეთი სალომე, როგორიც დღეს ვარ- ასეთი ძლიერი, თავდაჯერებული. ადრე ბევრი კომპლექსი მქონდა- ვიხედებოდი სარკეში და საკუთარი თავი არ მომწონდა: არც სახე, არც ტანი, არც ფეხი… აი, ახლა კი ვფიქრობ, რომ ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ღმერთმა ჩამიფიქრა, მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ნაწილი მაკლია.
– მტკივნეული იქნება კიდევ ერ­თხელ იმ დღის გახსენება…
– 2015 წლის 15 აგვისტოს მოხდა ეს ამბავი. სამსახურიდან წამოვედი, ბავშვებისთვის რაიონში ტკბილეული უნდა გამეგზავნა. ნაწვიმარი იყო და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ღვედი არ მეკეთა და ამან გადამარჩინა, დარტყმისას მძღოლის მხარეს გადავვარდი, თორემ მარტო ხელს კი არ წამაცლიდა, რკინის ჯებირი ალბათ პირდაპირ გამჭრიდა შუაზე. ინსტინქტურად ავწიე მარჯვენა ხელი, რომ სახეზე ამეფარებინა, მაგრამ… მახსოვს, თავი რომ ავწიე, რაღაც ბურუსში ვიყავი, ვერანაირ ტკივილს ვერ ვგრძნობდი, თუმცა ვხვდებოდი, რაღაც საშინელება მოხდა. ვიღაც უცნობი მამშვიდებდა: ნუ გეშინია, გადაგარჩენთო და მე ვეუბნებოდი: არ უნდა მოვკვდე, 2 შვილი მყავს-მეთქი. ადამიანის სახეებს ვერ ვარჩევდი, მხოლოდ ყვირილი მესმოდა. ისეთი საშინელი დასანახავი ვიყავი, ვერავინ მეკარებოდა. მერე ერთმა ბიჭმა მაისური გაიხადა და ხელზე შემომიჭირა. “სასწრაფო” მანქანაში სახელი, გვარი და სისხლის ჯგუფიც კი ვუთხარი, მერე კი გავითიშე. მახსოვს, ჯერ ნაცრისფერი გახდა ყველაფერი და რაღაცნაირი საოცარი სითბო ვიგრძენი, მერე სიბნელე იყო… თვალები რომ გავახილე, უამრავი თეთრხალათიანი დავინახე. ფეხებს ვგრძნობდი, მარცხენა ხელსაც ვამოძრავებდი, თითქოს მეორესაც, მაგრამ რაღაც რიგზე ვერ იყო… ჯერ კიდევ ნარკოზით გაბრუებულს მესმოდა სიტყვები: ამპუტაცია, ამპუტირებული. ლაპარაკი მინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი და ექთანს ვანიშნე, პირიდან ეს აპარატი ამომიღე-მეთქი.- ხელი აღარ მაქვს?- ეს იყო ჩემი პირველი შეკითხვა. ექიმი მომეფერა და დამაიმედა: ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია, გადარჩი, მკვდარი გაგაცოცხლეთო. რეანიმაციიდან პალატაში რომ გადამიყვანეს და ჩემები სანახავად მოდიოდნენ, ყველა ჩუმ-ჩუმად ტიროდა და შეშინებულები მიყურებდნენ. არ დამიჯერებთ, მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი იმით, რომ გადავრჩი! ხომ ვიგრძენი, როგორ ვტოვებდი აქაურობას… მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა და მივხვდი, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი…

– მორჩა, დამთავრდა ყველაფერიო,- ერთხელ მაინც არ დაგეუფლა ასეთი სასოწარკვეთილება?
– როგორ არა! მახსოვს, პალატაში ჩემი მეგობარი შემოვიდა და ხელი ჩამჭიდა.- ასეთი აღარავის დავჭირდები და აღარავის ვეყვარები-მეთქი,- შევჩივლე. ვიგულისხმე მშობლები, შვილები, დედმამიშვილები. ვფიქრობდი, ზედმეტი ტვირთი ვიქნები-მეთქი ყველასთვის. ჩემი ხომ გჯერაო?- მკითხა. მჯერა-მეთქი.- ჰოდა, ყველაფერი კარგად იქნებაო. იმ წუთში საოცარი ძალა მომცა მისმა სიტყვებმა… საავადმყოფოში მნახველებს თავად ვამხნევებდი. არ შემეძლო გაუთავებელი ტირილი და გოდება. დაბინტულ მკლავზე გარედან სმაილიკი მივიხატე მარკერით და ყველას ვეუბნებოდი, ჩემს ხელს პოზიტურად შეხედეთ. გაიღიმეთ-მეთქი. პირველად რომ დამოუკიდებლად შევედი სააბაზანოში, პალატაში წავიცეკვე კიდეც სიხარულის ნიშნად. ფაქტობრივად, სიცოცხლის მეორე შანსი მომეცა, მეორედ დავიბადე და აბა, რა უფლება მქონდა, ყურები ჩამომეყარა? შინაგანი ტრანსფორმაცია განვიცადე, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. სულ სხვანაირი, ახალი სალომე გავხდი.  განაგრძეთ  კითხვა

“მსაყვედურობენ ასეთი ნაკლი გაქვს და როგორ შეიძლება, ბედნიერი იყოო”
FaceBook
Twitter
Google
1104
Admin
სრულად
მთვლელები