თუ თქვენი პატარა ჯიუტია, არ იდარდოთ - მას წარმატების მიღწევის მეტი შანსი აქვს
თუ თქვენი პატარა ჯიუტია, არ იდარდოთ - მას წარმატების მიღწევის მეტი შანსი აქვს
ჯიუტი ბავშვი მშობლისთვის ნამდვილი თავსატეხია. გაბრაზებული და გაჯიუტებული ბავშვის მანერები ალბათ მშობლების უმეტესობისთვის კარგადაა ცნობილი. შეკრული კოპები, გაბრაზებული გამომეტყველება და მზერა, რომლითაც განადგურებთ.

ბლოგერი კლინტ ედვარდსი თავისი შვილის, ნორას შესახებ წერს და ამბობს, რომ მისი გოგონა მშობლებისგან მცირე შენიშვნასაც კი არ იღებს და მაინც იმას აკეთებს, რაც სურს.

„ამას წინათ ვუთხარი, რომ ძილის წინ ბევრი წყალი არ დაელია, მან გაბრაზებული სახით შემომხედა და წყლის დალევა გააგრძელა. ის ყოველთვის ასე იქცევა. როცა ასეთი სახით მიყურებს, ვეუბნები -„ასე ნუ მიყურებ, ვინ გგონია შენი თავი?“, - თუმცა მისთვის სულერთია. მაინც აგრძელებს იმ საქმის კეთებას რაც სურს“, - წერს ბლოგერი.

ედვარდსი აღნიშნავს, რომ ბევრი სხვა ბავშვის მსგავსად, ნორასაც რთული ხასიათი აქვს, ძალიან ჯიუტია, თუმცა ამ სიჯიუტის წყალობით ის ახერხებს მიიღოს ის, რაც სურს.

„სანამ მამა გავხდებოდი, ვუსმენდი ჩემს დას. ის წუხდა თავისი გოგონას გამო, რომელიც არასოდეს უჯერებდა. სახლში უფროსი ის იყო. ჩემს დას ვუთხარი, რომ ეს არ იყო ცუდი და რომ მისი შვილი ძლიერ ქალად გაიზრდებოდა. ჩემმა დამ მითხრა რომ არც კი მესმოდა რას ვამბობდი“, - იხსენებს ბლოგერი.
ედვარდსი თავის ბლოგში წერს, რომ ის აღარ დარდობს თავისი გოგონას რთული ხასიათის გამო, რადგანაც იცის, რომ სიჯიუტე არის ნიშანი იმისა, რომ მისი შვილი წარმატებული იქნება. აზრის გასამყარებლად კი, 2015 წელს ჩატარებული კვლევის შედეგი მოჰყავს.

2015 წელს ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, ჯიუტი ბავშვები სკოლასა და სტუდენტობის დროს გამოირჩევიან მაღალი აკადამიური მოსწრებით და როდესაც ზრდასრულები ხდებიან არიან წარმატებულები, გამოიმუშავებენ სხვებზე მეტ ფულს.

კვლევის მიზნით, აკვირდებოდნენ 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს. ბავშვები შეაფასეს პიროვნული თვისებების მიხედვით - კეთილსინდისიერება, სხვისი პატივისცემა და რაც მთავარია, წინააღმდეგობის გაწევის უნარი. წლების შემდეგ მკვლევარებმა შეამოწმეს ეს ბავშვები და
ნახეს როგორ განვითარდნენ ისინი. აღმოჩნდა რომ ბავშვები, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ წესებს და იყვნენ ჯიუტები, გახდნენ დანარჩენებზე უფრო წარმატებულები.

მკვლევარები წერენ, რომ ბავშვის სიჯიუტე საუკეთესო წინასწარნეტყველია იმისა, თუ რამდენად წარმატებული იქნება ის ზრდასრულ ასაკში.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ასეთი ადამიანები უფრო კონკურენტუნარიანები არიან, აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, მზად არიან იბრძოლონ საკუთარი ფინანსური ინტერესებისთვის, მაშინაც კი, თუ ამის გამო ვინმეს საფრთხე შეექმნება.

ფაქტია, რომ ყველა ეს მახასიათებელი ზრდასრული ადამიანისთვის შესანიშნავია, მაგრამ როცა საქმე ბავშვს ეხება, ჩვენ ეს გვაშფოთებს. როცა ხედავ,როგორ ცდილობს ბავშვი თავის ჭკუაზე გატაროს, ჯიუტობს, ცდილობს ყველა მოთხოვნა შეგასრულებინოს, ფიქრობ, რომ ზრდილობა აკლია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სანერვიულო დიდად არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თქვენი შვილი ზრდასრულ ასაკში ასეთი ხასიათის წყალობით წარმატებას მიაღწევს.

„ჩემთვის, როგორც ჯიუტი გოგონას მამისთვის, კვლევის შედეგი იმედის მომცემია. როგორც მშობელს, მსურს, რომ ჩემი შვილი ჩამოყალიბდეს ძლიერ და დამოუკიდებელ ქალად და დამოუკიდებლად შეეძლოს თავისი ცხოვრების წარმართვა. ამიტომაც, ვცდილობ შევეგუო მის ასეთ ხასიათს“, - წერს ბლოგერი.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მთვლელები